სტატიები

ქალები იესო ქრისტეს გენეალოგიაში

გენეალოგია იშვიათად შეიცავს საინტერესო დეტალებს ჩვენს წინაპართა შესახებ, განსაკუთრებით, თუ რომელიმე მათგანი საეჭვო და მიუღებელი პიროვნებაა. იესო ქრისტეს გენეალოგიაში კი ვპოულობთ საინტერესო ცნობებს. ფაქტობრივად, მისი გენეალოგია ნათლად წარმოაჩენს ზოგიერთ ბურუსით მოცულ პიროვნებას.

და ესენი არიან ქალები.

იესოს გენეალოგიაში ხუთი ქალია დასახელებული. იმ დროს, როცა გენეალოგიაში, ჩვეულებისამებრ, ერთ ქალსაც კი არ იხსენიებდნენ, რატომ არის აქ ხუთი ქალი ნახსენები? რას ნიშნავს მათი ხსენება აქ?

მათეს სახარების პირველ თავში ჩამოთვლილია იესოს წინაპართა სახელები. ჩამონათვალი იწყება აბრაამის, ისააკის და იაკობის ხსენებით, რაც უკვე თვალშისაცემს და პრესტიჟულს ხდის მას ამ სიას.

კი, მაგრამ, თამარი რაღას აკეთებს აქ? განა მას სქესობრივი კავშირი არ ჰქონდა თავის მამამთილთან და განა ასე არ ჩაისახნენ მისი ტყუპი ვაჟები ფერეცი და ზერახი? თამარის წარმომავლობა გაურკვეველია. ზოგი ფიქრობს, რომ ის ქანაანელი იყო. ის იუდას ორი ვაჟის ქვრივი იყო და არსებული წესისამებრ, მესამეს უნდა გაჰყოლოდა ცოლად, უმცროსს, რომელსაც შელა ერქვა. იუდას კი თავისი მესამე ძის სიცოცხლე ადარდებდა, რადგან უფალმა მისი პირველი ორი ვაჟი მოაკვდინა. ამის გამო, იუდამ დააყოვნა შელასთვის თამარის შერთვა. ფაქტობრივად, ის არც აპირებდა ამის გაკეთებას.

თამარი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის მამის სახლში დააბრუნეს, რომ შელას გაზრდას დალოდებოდა. მას არც სტატუსი ჰქონდა, არც მემკვიდრეობა, არც სოციალური უსაფრთხოება, რადგან ამ ყოველივეს მოპოვება მას მხოლოდ შვილების მეშვეობით შეეძლო. თამარს კი შვილი არ ჰყავდა. არც ხელახლა გათხოვება შეეძლო, რადგან შელას „ელოდებოდა“.

სწორედ ამიტომ მართვის სადავეები თავად აიღო ხელთ. ამ ამბის მეორე ნაწილი თანამედროვე მკითხველისთვისაც კი დაუჯერებელია. იუდას ცოლის სიკვდილის შემდეგ, თამარმა ქვრივის სამოსის ნაცვლად მეძავივით რიდე ჩამოიფარა და იუდას დასახვედრად დაჯდა გზაზე, თუმცა ის მეძავი არ ყოფილა. ასე კი იმიტომ მოქცა, რომ შთამომავლობა სურდა. სასურველი იყო, რომ შელას ცოლი გამხდარიყო, მაგრამ რადგან ეს შეუძლებელი იყო, თამარმა თავად იუდასგან გადაწყვიტა შვილის ყოლა (დაბადება 38:1-25).

იუდა ადვილად დაჰყვა „მეძავის“ შეთავაზებას და არც უფიქრია, რომ ეს მისი რძალი შეიძლებოდა ყოფილიყო. მოგვიანებით კი ბრალი დასდო თამარს, როცა მისი ორსულობა გამომჟღავნდა და მისი დაწვაც მოინდომა, მაგრამ თამარმა ჭკვიანურად მოახერხა თავის დაცვა და თავისი შვილის მამის ვინაობის დამტკიცება. მას ხომ იუდას პირადი ნივთები ჰქონდა თავად იუდასგან მიცემული – ბეჭედი, თასმა და არგანი.

საბოლოოდ, იუდამ კეთილგონივრული ნაბიჯი გადადგა და თამარის შვილის მამობა აღიარა. თქვა, რომ თამარი მასზე მართალი იყო (დაბადება 38:26). იმ კულტურაში, სადაც ქალის უფლებები ძალიან იყო შეზღუდული, თამარმა გონივრულად მოახერხა თავისი მომავლის უზრუნველყოფა (დაბადება 38:27-29).

მათემ სცნო თამარის უფლებები იმით, რომ მისი სახელი მესიის გენეალოგიაში მოიხსენია.

შემდეგ მოულოდნელობა რახაბის სახელის ხსნებეაა. აშკარაა, რომ რახაბი მეძავი იყო, თანაც წარმართი, რომელიც ცხოვრობდა იერიხონში (იესო ნავეს ძე 2:1). მიუხედავად თავისი „საქმიანობისა“, რახაბი კეთილი იყო. ის ინახავდა თავის მშობლებს და და-ძმებს. ისრაელიანი მზვერავებიც ნებაყოფლობით დამალა.

რახაბს უნდოდა გამოსავალი ეპოვა. უნდოდა სხვანაირად ეცხოვრა. მას სჯეროდა, რომ ღვთის ხალხი აიღებდა იერიხონს, რადგან ღვთის შიში დასცემოდა რახაბსა და მის ხალხს. მას სმენოდა, როგორ გამოვიდნენ ისრაელიანები ეგვიპტიდან, როგორ გაყო ღმერთმა მეწამული ზღვა მათ წინაშე, სმენოდა ძლევამოსილ მტერთა – სიხონისა და ყოგის მეფეთა – დამარცხების შესახებ. რახაბი მიხვდა, რომ იერიხონი იყო ქანაანში შემავალი კარიბჭე და ისრაელიანები აუცილებლად მოადგებოდნენ ამ ქალაქს. მას კი გადარჩენა სურდა. მზვერავებმა უთხრეს, რომ მეწამული თოკი გამოება სარკმლისთვის და მის სახლში შეკრებილნი ყველანი გადარჩებოდნენ.

სწორედ ასე მოხდა. რახაბი და მისი ოჯახი ცოცხლები გადარჩნენ მაშინ, როცა იესო ნავეს ძემ იერიხონი გაანადგურა. მოგვიანებით, რახაბი ცოლად გაჰყვა სალმონს (მათე 1:5). მათ შეეძინათ ვაჟი, ბოყაზი, რომელიც მართალ და ღვთისმოსავ კაცად გაიზარდა (რუთი 2:1).

მესამე ქალი არის რუთი. ისიც წარმართია და თამარის მსგავსად, ქვრივია. ბოყაზი მას ძალიან დადებითად აფასებს და კეთილშობილ, ღირსეულ ქალად მიიჩნევს (რუთი 3:11). რუთი იყო ქალი, რომელიც ერთგულად მიჰყვებოდა უფალს იმ წამიდან, როცა გაიგო მისი სახელის შესახებ თავისი დედამთილის, ნაყომის, წყალობით. ნაყომის კეთილი რჩევით რუთი ბოყაზს გაჰყვა ცოლად და ვაჟი, ყობედიც, შეეძინათ. ნაყომის კეთილი სიბერე ხვდა წილად, რუთმა კი ადგილი დაიმკვიდრა ებრაულ საზოგადოებაში. ყობედი მეფე დავითის დიდი ბაბუა გახდა (რუთი 4:16-22), შესაბამისად, იესო ქრისტეს წინაპარი.

მეოთხე ქალი არ არის დასახელებული, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ურია ხეთელის ცოლია იგი. ის დავითს გაჰყვა ცოლად, მაგრამ თავიდანვე მას არ ეკუთვნოდა. ის ისრაელის უდიდესმა მეფემ აცდუნა, თუმცა, გარკვეულწილად, ბათ-შებაყსაც მიუძღოდა „წვლილი“ ამ საქმეში, მაგრამ დავითს დაეკისრა დანაშაულის მთელი სიმძიმე, რადგან სწორედ ის იყო „ინიციატორი“. დავითმა იმრუშა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მეომრის ცოლთან და მოგვიანებით, თავისი დანაშაულის დასაფარავად, ბრძანა ურია ხეთელი ისეთ ადგილზე დაეყენებინათ ბრძოლის ველზე, სადაც მტრები მოკლავდნენ მას და ასეც მოხდა. ეს ამბავი ძალიან ტრაგიკულია, რადგან ამ უკანონო ურთიერთობის შედეგად დაბადებული ბავშვიც არ დარჩენილა ცოცხალი.

საბოლოოდ, ღვთის მადლით, დავითმა მოინანია. ღმერთმა მას ვაჟი, სოლომონი, მისცა, რომელიც მეფეს ბათ-შებაყისგან ეყოლა, რომელიც ამჯერად უკვე მისი კანონიერი ცოლი გახლდათ. სოლომონის  ხაზით გაგრძელდა შტო, რომლიდანაც მესია მოგვევლინა.

მეხუთე ქალი კი იესოს გენეალოგიაში არის მარიამი, რომელიც იოსების ცოლი და ქრისტედ წოდებული იესოს დედა გახლდათ (მათე 1:16). მარიამი ებრაელია. ის ქალწულია, რომელსაც სექსუალური სკანდალი არ შეხებია. მარიამი ისრაელის ღმერთის ერთგული მორწმუნეა, მას ანდობს ის საკუთარ თავს, საკუთარ რეპუტაციას, მომავალს და მთელ იმედს მასზე ამყარებს. მაშინ, როცა ანგელოზი აუწყებს მას, რომ სულიწმიდის ძალა მოუჩრდილავს და მისგან დაორსულდება, მარიამს ეჭვი არ ეპარება. მას სწამს ამის (ლუკა 1:35-38) და სჯერა, რომ მოხდება ის, რის მსგავსიც მანამდე არასოდეს მომხდარა. საიდან აქვს ამ ყმაწვილქალს ასეთ რწმენა და ნდობა? „უფლის მხევალი ვარ“ – მარიამის გასაოცარი სიტყვებია. მან მყისვე გააცნობიერა ის, რაც ებრაელი ქალების მრავალ თაობას არ ესმოდა: მესია ქალწულის მიერ უნდა შობილიყო. მარიამი უცოდველი არ იყო, მაგრამ ის ღვთისმოსავი, სათნო და ახალგაზრდა ებრაელი ყმაწვილქალი იყო.

ასე სრულდება იესოს გენეალოგია, სადაც ვხედავთ ხუთ ქალს. ღარიბ და უცნობ, ქვრივ და უმნიშვნელო, ცოდვილ და სრულიად ჩვეულებრივ ქალებს. ერთი შეხედვით, სრულიად შეუფერებელნი იყვნენ იმისათვის, რომ კაცობრიობის მხსნელის, მესიის ამქვეყნად მოვლინებაში შეეტანათ წვლილი, მაგრამ ამ ქალებმა შეცვალეს ისტორიის კურსი თავიანთი უბრალო და ღვთის მორჩილი ცხოვრებით.

ალბათ, ბევრი თქვენგანი ფიქრობდა, რომ ქრისტეს გენეალოგიაში ნახსენები ქალებიდან ყველა საუკეთესო თვისებებით გამორჩეული ებრაელი ქალი იყო, მაგრამ ასე არ არის. მათგან უმეტესობა არც იყო ებრაელი; რუთისა და მარიამის გარდა კი ყველას ცხოვრებას სექსუალური სკანდალის ლაქა აქვს მოცხებული. ისინი ჩვეულებრივი ქალები იყვნენ, რომლებიც ცდილობდნენ მართებულად ეცხოვრათ, მაგრამ შეცდომებს უშვებდნენ.

სხვა სიტყვებით, ისინი ჩვენი მსგავსი ცოდვილი ადამიანები იყვნენ, რომელთა სახელებიც მოხსენიებულია მხსნელის გენეალოგიაში და ეს შემთხვევითი არ არის, რადგან სწორედ მათ მსგავს ცოდვილ ადამიანთა სახსნელად მოვიდა ქრისტე ამქვეყნად.

ქრისტე ცოდვილთა გადასარჩენად ცოდვილ ადამიანთა მეშვეობით მოევლინა ქვეყანას, მაგრამ თავად უცოდველი დარჩა.

წყარო: http://www.biblestudytools.com

About the author

ნინო ხუროშვილი

Leave a Comment