ქრისტე ისტორიის არასწორ მხარეს

164

გამოგონილი დიალოგი ქრისტეს შობიდან პირველ საუკუნეში

სტეფანუსი:  გრატიანე, ვისურვებდი, რომ აზრი შეგეცვალა, რადგან ვფიქრობ, რომ დაცინვისა და გარიყვის ობიექტი გახდები.

გრატიანე:  ტანჯვა და დამცირება არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც მე მელოდება.

სტეფანუსი:  დიდება? ვშიშობ, რომ საღი აზრი დაკარგე,  ნუთუ არ გინახავს იმპერიის დიდება და ბრწყინვალება?  ნუთუ ვერ ხედავ, რომ რომაელი მმართველები განაგებენ მთელ დედამიწას?!

გრატიანე:  დიახ, იმპერია გამოიყურება ძლევამოსილად, მაგრამ იგი ვერ შეედრება ღვთის სამეფოს.

სტეფანუსი:  რა თქმა უნდა, ხუმრობ არა?

გრატიანე:  მე იესოს სიტყვებს ვიმეორებ.

სტეფანუსი:  ნუთუ იმ ებრაელზე საუბრობ, რომელიც ამგვარ უცნაურ მოძღვრებას ასწავლიდა ხალხს.  მე ვღელავ შენ გამო, როცა წარმოვიდგენ, რა შეიძლება შეგემთხვას, როდესაც უარს იტყვი, საკმეველი მიიტანო სამსხვერპლოზე და ერთგულება დაუმტკიცო იმპერიის ღმერთებს.

გრატიანე:  მე ამას არ დავუშვებ.

სტეფანუსი:  კი, მაგრამ რატომ? შენ იცი, რომ იმპერია ტოლერანტული და გახსნილია კეთილი ადამიანებისთვის, რომელთაც სწამთ ყველანაირი ღმერთების…

გრატიანე:  ისინი კეისარს სცემენ თაყვანს…

სტეფანუსი:  დიახ, მაგრამ შენ კვლავ შეგეძლება  თავისუფლად  სცე თაყვანი  შენს ღმერთს.

გრატიანე:  მხოლოდ მას შემდეგ, რაც საჯაროდ მოვიყრი მუხლს კეისრის წინაშე.

სტეფანუსი: და  რა დაშავდება კეისრის აბსოლუტური ძალაუფლების ცნობით?

გრატიანე:  მაშინ მე ვიცრუებ, რადგან თვითონ  იმპერატორიც იესოს ძალაუფლების ქვეშაა.

სტეფანუსი:  გაჩუმდი!  ხვდები, რას ამბობ?

გრატიანე:  მე ანგარიში  უნდა ჩავაბარო უფალ იესოს საკუთარ ცხოვრებაზე, ისევე როგორც შენ და კეისარმა…

სტეფანუსი:  როგორ ბედავ იმპერიის უზენაესი ავტორიტეტის გამოწვევას? ნუთუ არ შეგიძლია დაინახო ისტორიის პროგრესი? ნუთუ ისეთი ბრმა ხარ, რომ ვერ ხედავ, ისტორია კეისრის სასარგებლოდ როგორ ვითარდება? ბოლო დროის მოვლენები აჩვენებს, რომ ხალხს არ აინტერესებს შენი რელიგიური იდეები…შენი პრიმიტიული ცხოვრების წესი.

გრატიანე:  მე იმიტომ არ ვარ იესოს მიმდევარი, რომ იგი პოპულარულია, არამედ იმიტომ, რომ მან მე დამიხსნა.

სტეფანუსი:  გრატიანე, შეეცადე ლოგიკურად იფიქრო შენს იესოზე და იმაზე, რასაც იგი გასწავლის:

  • მან თქვა, რომ იგი მხსნელი იყო, მაგრამ ყველა ხედავს, რომ კეისარია ის, ვისი მეშვეობითაც ჩვენ დაცულნი ვართ.
  • მან დაგმო გაყრა, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ კაცის ინტერესებში შედის – ჰქონდეს გაყრის შესაძლებლობა.
  • მან თქვა, რომ უნდა გვიყვარდეს მტრები, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ჩვენ კეთილი უნდა ვუყოთ ჩვენს მეგობრებს და გვძულდეს მტრები.
  • მან თქვა, რომ ჩვენ არ უნდა ვიმრუშოთ, ან გვქონდეს გულისთქმა, მაგრამ ყველა ხედავს, რომ სექსუალური გახსნილობა უფრო ბუნებრივია ადამიანის ბედნიერებისთვის.
  • მან თქვა, რომ არის რაღაცები, რაც კეისარს არ ეკუთვნის, მაგრამ ყველა ხედავს, რომ კეისარი განაგებს ყველაფერს.

გრატიანე:  ამით რის თქმას ცდილობ?

სტეფანუსი:  იმის, რომ იესო ისტორიის აბოსულუტურად არასწორ მხარესაა. ისტორია ვითარდება, წინ მიდის და შენ წარსულში გაიჭედე, მიჰყვები რა ებრაელი ლიდერის უცნაურ სწავლებებს. უარყავი შენი უცნაური რწმენა ან გაჩუმდი მაინც.

გრატიანე:  მე არ შემიძლია და არც ვაპირებ ამის გაკეთებას. მე ისტორიას სხვაგვარად ვხედავ.

სტეფანუსი: რატომ?

გრატიანე:  არ აქვს მნიშნელობა, რამდენად დარწმუნებული ხარ, რომ ისტორია წინ მიდის და რომ რომაული იმპერია ვრცელდება მთელ დედამიწაზე და ყველას მიუძღვება მუდმივი სიმშვიდისა და ჰარმონიისკენ, შენ ცდები! სამეფო, რომელსაც მე ვეკუთვნი, მასზე აღმატებულია მიუხედავად იმისა, თუ რას მელაპარაკება რეალობა.

სტეფანუსი:  და საიდან იცი ეს?

გრატიანე:  რადგან ჩემი მეფე მკვდრეთით აღსდგა და ის,  ვინც სიკვდილზე გაიმარჯვა არის ის, ვინც განსაზღვრავს ისტორიას!

წყარო: http://www.thegospelcoalition.org

ჩატვირთვა...