ღმერთს უძღებ ძეზე არანაკლებ უყვარხართ!

181

გულახდილად რომ გითხრათ, ზოგჯერ განდიდების დროს ცრემლად ვიღვრები, თუმცა არა ღვთის მიმართ მადლიერების გამო, იმის მიუხედავად, რომ იესოს მიერ გაღებული მსხვერპლი ჩემს გულს ეხება. თუ სიღრმეში ჩავიხედავთ და ემოციური რეაქციის კუთხით შევხედავთ, რაღაც შეუსაბამოს დავინახავთ, რაც დაგვაფიქრებს, ეს ისაა, რაც ხშირად ჩემს ცრემლებს იწვევს. ეს არის მიტოვებულობის გრძნობა.

ამაზე ვგალობთ, ამ საკითხზე ვასწავლით, მშვენიერ ნახატებს ვასრულებთ კეთილი მწყემსის გამოსახულებით, რომელიც ოთხმოცდაცხრამეტ ცხვარს ტოვებს და მიდის ერთის საძებრად.

„რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებნელად, ვიდრე არ იპოვის?“ (ლუკა 15:4).

მიუხედავად ამ მშვენიერი უწყებისა დაკარგულ ცხვარზე და კეთილი უწყების არსზე, ხშირად ვგრძნობ თავს მიტოვებულად, მიუხედავად იმისა, რომ მე იმ ოთხმოცდაცხრამეტს ვეკუთვნი.

მშვენიერ ნახატებს ვქმნით ამ ისტორიაზე, რომლებშიც უძღებ ძეს ვაბრუნებთ, ხოლო მამა მას გაშლილი ხელებით ხვდება.

„ადგა და წავიდა თავის მამასთან. როდესაც ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ დაინახა და შეებრალა. გამოიქცა, ყელზე მოეხვია და აკოცა. და უთხრა: ‘მამა! შევცოდე ზეცის მიმართ და შენ წინაშე. ღირსი აღარ ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე.’ უთხრა მამამ თავის მსახურებს: ‘სასწრაფოდ მოიტანეთ საუკეთესო სამოსი და ჩააცვით, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხსაცმელი ჩააცვით ფეხზე. მოიყვანეთ ნასუქალი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და გავიხაროთ, რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.’ და დაიწყეს მხიარულება. ხოლო მისი უფროსი ვაჟი მინდორში იყო. რომ მოდიოდა და სახლს მიუახლოვდა, მუსიკისა და ცეკვა-თამაშის ხმა შემოესმა. დაუძახა ერთ მსახურთაგანს და ჰკითხა: ‘ეს რა ამბავია?’ მან უთხრა მას: ‘შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქალი ხბო დაკლა, რაკი მრთელი დაუბრუნდა.’ გაბრაზდა და შესვლა აღარ უნდოდა. მამამისი გამოვიდა და იწვევდა შინ. მიუგო და უთხრა თავის მამას: ‘აჰა, რამდენი წელია გემსახურები, არასოდეს შენს ბრძანებას არ გადავსულვარ და არასოდეს მოგიცია ერთი ციკანიც კი, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად გამეხარა. ხოლო როცა მოვიდა ეს შენი ძე, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან გაფლანგა, ნასუქალი ხბო დაუკალი.’ მან უთხრა: ‘შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და რაც მაქვს, შენია. მაგრამ უნდა ვილხენდეთ და ვხარობდეთ, რადგან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა.’ (ლუკა 15:20-32).

არაჩვეულებრივი იგავია, რომელიც მამის სიყვარულსა და პატიებას ასახავს! ის იღებს, ეხუტება და კოცნის მას, ვინც სახლში დაბრუნდა. საკუთარი ეგოიზმით შერცხვენილი ვაღიარებ, რომ მშურს.

ნუთუ არ გესმით, მე უძღები ძის ძმა ვარ.

მე აღვიზარდე ქრისტიანულ ოჯახში, მონანიების ლოცვით ვილოცე და გარდატეხის ასაკში უამრავჯერ გავედი სამსხვერპლოსთან მოწოდების დროს. მცირე ასაკიდან ვიყავი მწყემსის ფარაში, ვცხოვრობდი მამის სახლში. „იქნებ უნდა განვუდგე, რომ მისი ყურადღბა მივიპყრო?“ – ვფიქრობდი მე. „იქნებ უნდა წავიდე და შემდეგ დავბრუნდე, რომ დამაფასონ ისევე, როგორც უძღები ძე?“

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოდით, ამ ისტორიებს შევხედოთ. ვის მიმართავს იესო?

„ფარისეველნი და მწიგნობარნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: „ცოდვილებს იღებს და მათთან ერთად ჭამს.“ (ლუკა 15:2).

იესომ პასუხი გასცა ფარისევლებს, რომლებიც თავისი მკაცრი კანონების დაცვით ელოდნენ ხსნის მიღებას. თუმცა, რომაელთა წერილი ამბობს, რომ ყველამ შესცოდა და გამოსყიდვა მხოლოდ ქრისტეს მეშვეობითაა შესაძლებელი.

„რადგან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღმერთის დიდებას, და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით.“ (რომაელთა 3:23-24)

და მაინც, როცა გულში ვიხედები, ხსნის საჭიროებას ვგრძნობ. ეგოიზმმა, სიამაყემ და შურმა განმაცალკევა მამისგან. ვინანიებ. უკან მივრბივარ. ის მიღებს. უხარია ჩემი დაბრუნება. ცრემლებით მევსება თვალები. ამჯერად ეს მადლიერების ცრემლებია.

გესმით, რომ მე უძღები ძე ვარ? მე ვარ ის ძე…

წყარო

თარგმანი: თიკა სხირტლაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...