სტატიები

„ყველა უნდა ჩაიქოლოს!“ – პირველმოწამე სტეფანეს ისტორიით შთაგონებული ბობ დილანი

ეს ციტატა ბობ დილანის კლასიკური სიმღერიდან არის მოტანილი (Rainy Day Woman). ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს სიმღერა მარიხუანის შესახებ არის, თუმცა დილანი მტკიცედ უარყოფს ამას. სიმღერაში დილანი აღწერს თავის დამოკიდებულებას კრიტიკოსთა მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ მის „ჩაქოლვას”. მან ჟურნალ „როლინგ სტოუნს” გაუმხილა, რომ ამ სიმღერის დაწერა სტეფანეს ისტორიამ შთააგონა.

„სტეფანე კი, მადლით და ძალით აღსავსე, დიდ სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა ხალხში. ადგნენ ზოგიერთები ეგრეთ წოდებულ ლიბერტინელთა, კვირინელთა და ალექსანდრიელთა სინაგოგიდან, ზოგიერთებიც კილიკიიდან და აზიიდან და კამათი დაუწყეს სტეფანეს, და ვერ შეძლეს დაპირისპირებოდნენ იმ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა. მაშინ მოისყიდეს კაცები და ათქმევინეს: ‘ჩვენ გავიგონეთ, როგორ ლაპარაკობდა იგი მოსესა და ღვთის საგმობ სიტყვებს.’ აღძრეს ხალხი, უხუცესები და მწიგნობრები; თავს დაესხნენ, შეიპყრეს და სინედრიონში მიიყვანეს“ (საქმე. 6:8-12).

სტეფანე იუდეველებს ეუბნებოდა მათთვის განკუთვნილი ღვთის გეგმის შესახებ, რომელიც იწყება აბრაამიდან, გრძელდება დავითის ისტორიით ვიდრე იესოს ჯვარცმამდე. მან ისინი ამხილა გულქვაობასა და სულიწმიდის უარყოფაში, რის გამოც სტეფანე გაიყვანეს ქალაქიდან და ჩაქოლეს.

„რომ ქოლავდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: ‘უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული’“ (საქმე. 7:59).

დევნა გაიძულებს, რომ შენი რწმენის პირისპირ აღმოჩნდე. ვერ შეძლებ ჭეშმარიტებას გვერდი აუარო. ნუთუ სხვების საამებლად უარყოფ შენს რწმენას, თუ დაიცავ სიმართლეს, თუნდაც კეთილ შედეგს ვერ ხედავდე?

ჩვენ ბევრს არ ვფიქრობთ დევნის შესახებ. გვგონია, რომ დევნილნი მაშინ ვართ, როცა ვიღაც არ გვეთანხმება ფეისბუკზე გამართული საუბრებისას, თუმცა ბიბლიაში დევნის ბევრ მაგალითს ვხედავთ, რომლებიც მოგვითხრობს პატიმრობის, წამების და გადასახლების შესახებ ისტორიებს.

იესო ქრისტე თუ შენი უფალია, დევნილი იქნები. ამას ვერ გაექცევი, ეს უნდა მიიღო, რადგან  დევნა განამტკიცებს ჩვენს ცხოვრებას ქრისტეში და მის სიცოცხლეს ჩვენში.

ერთხელ იესომ თქვა: „…მონა არ არის თავის ბატონზე დიდი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას…“ (იოანე 15:20)

ყველა ქრისტიანს „ჩაქოლვა” მოელის, როგორც პირდაპირი, ასევე მეტაფორული მნიშვნელობით. იესომ თქვა: „თუ სოფელს სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა.“

კითხვა, რომელსაც უნდა გავცეთ პასუხი: „რას მოვიმოქმედებ, როდესაც ქვების სროლას დამიწყებენ?“

შეიძლება ვიწრო მსოფლმხედველობის ადამიანად მიგიჩნიონ იმის გამო, რომ ადამიანების მიერ აღიარებულ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას არ იზიარებ. შესაძლოა კაცთმოძულედ და არატოლერანტულ ადამიანად ჩაგთვალონ იმის გამო, რომ ტრადიციული ქორწინების მომხრე ხართ, ან შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, სადაც არჩევა მოგიწევთ: უარყოთ საკუთარი რწმენა ან მოკვდეთ ქრისტესთვის.

ღმერთისა და მისი ჭეშმარიტების მიმართ თქვენი პოზიციის დაცვა მოითხოვს სიმტკიცეს. მყარად უნდა იდგეთ დაბრკოლების წინაშე.

გამაგრდით და მოემზადეთ „ჩაქოლვისთვის“ და როდესაც ეს დრო დადგება, რწმენაში მტკიცედ დადექით. ამ განსაცდელის ღირსეულად გადატანით უფალ იესოს განადიდებთ.

სანამ ჩაქოლავდნენ, სტეფანემ ხილვაში მამის მარჯვნივ „მდგომი იესო დაინახა“.

„ახედა მან ცას, აღსავსემ სულიწმიდით, და დაინახა ღვთის დიდება და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო და თქვა: აჰა, მე ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს“ (საქმე. 7:55-56)

ჩვენ ვიცით, რომ იესო მამის მარჯვნივ ზის, მაგრამ როდესაც ქრისტეს გამო  რაღაცის ატანა გიწევს, ის შენ გვერდით დგას.

„როცა პირველად ვიცავდი თავს, არავინ იყო ჩემთან, ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ. ხოლო უფალი ამომიდგა მე და გამაძლიერა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულდეს ქადაგება და მოისმინოს ყველა წარმართმა. მე თავი დავაღწიე ლომის ხახას“ (2 ტიმოთე 4:16).

დევნისას თუ ერთგული იქნები, ღმერთისთვის ეს შეუმჩნეველი არ დარჩება. შენ მიიღებ ძალას, რომელიც დაგეხმარება შიშის დაძლევასა და ერთგულების შენარჩუნებაში. შენი შეხედულება დევნის შესახებ შეიცვლება და მას ღმერთის თვალებით შეხედავ. აივსები სიბრალულით შენი მდევნელებისადმი და იტყვი: „უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამ ცოდვას…“

წყარო
თარგმანი: ანა ხუბაშვილი
რედაქტორი: გიორგი ფიროსმანაშვილი

About the author

ანა ხუბაშვილი

Leave a Comment