შესაძლოა თუ არა ოჯახი ჩვენს კერპად იქცეს?

162

ერთი კვირის წინ „ტვიტერზე“ დავწერე: „ქრისტიანთათვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კერპთაყვანისმცემლობის სახე ოჯახის გაკერპებაა. მსგავსი სიტყვები რამდენიმე დღის წინაც წარმოვთქვი ქადაგებისას. ასეთივე შინაარსის ტექსტები ადრეც დამიწერია „ტვიტერზე“, მაგრამ ახლა მეგობრებმა, რომლებიც ჩემზე მეტ ყურადღებას უთმობენ სოციალურ ქსელებს, მითხრეს, რომ ეს პოსტი საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა, რადგან 1600-ზე მეტმა ადამიანმა მოიწონა ის და მედიასაშუალებებმაც აიტაცეს. ჩემთვის უცნობია, როგორ გაიგეს ეს ადამიანებმა. ყველა შემთხვევაში, ნება მომეცით, განვმარტო.

ასეთი სიტყვები პირველად 2010 წელს ვთქვი ქადაგებისას, როდესაც მარკოზის სახარებიდან გამომდინარე ვსაუბრობდი იესოს ნამდვილ ოჯახზე (მე-3 თავის 31-35 მუხლები). პოსტის შთაგონების წყარო ასევე გახდა ქადაგება გალილეის კანას სასწაულზე. ორივე შემთხვევაში ჩემი შეხედულება ემყარებოდა იმას, რომ ოჯახისათვის თავდადება უფლისთვის თავდადებაზე წინ არ უნდა დავაყენოთ.

მარკოზის სახარების მესამე თავის ქადაგება დავიწყე ჩვენს კულტურაში ოჯახის შესახებ გავრცელებული ორი ცნების შედარებით: ოჯახი, როგორც შემაკავებელი ბარიერი ან ოჯახი, როგორც უზრუნველყოფა. ერთი შეხედულების მიხედვით, ოჯახი ხელს გიშლის, რომ გქონდეს ის ყველაფერი, რაც გინდა. მეორე შეხედულებით, ოჯახი გპირდება, რომ მოგცემს ყველაფერს, რაც გსურს.

იესო ქრისტე მხარს არ უჭერს არც ერთ შეხედულებას.

ეჭვი არაა, რომ მეორე პოზიცია უფრო გავრცელებულია ქრისტიანებს შორის, და ნაწილობრივ ემთხვევა ზოგიერთ ქრისტიანულ სწავლებას ოჯახის შესახებ, მაგრამ არა სრულიად.

2010 წელს ვირწმუნებოდი (და ახლაც იმავე აზრზე ვარ), რომ ბიბლიის მიხედვით, ოჯახი – ეს სიკეთეა, აუცილებელია და ფუნდამენტურია, თუმცა ეს არ არის უმთავრესი, ეს არ გულისხმობს, რომ ოჯახური კავშირები უფრო მაღლა დგას, ვიდრე კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის.

მარკოზის სახარების მე-3 თავი სწორედაც რომ აქცენტს აკეთებს იმაზე, უნდა იყოს თუ არა ოჯახი უმთავრესი ქრისტიანისთვის. იესოს შეხედულებით ოჯახი არ უნდა გაკავებდეთ უფლისადმი მსახურებაში, ის არ უნდა იკავებდეს პირველ ადგილს, რადგან პირველი ადგილი ადამიანის ცხოვრებაში ღმერთს ეკუთვნის. უფლის ოჯახის კარი ყველასათვის ღიაა, ვინც მის ნებას ასრულებს. („რადგან ის, ვინც ღვთის ნებას შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც.“ მარკ. 3:35).

ოჯახის გაკერპება იქნება ნაბიჯი არასწორი მიმართულებით; ვიცი, რასაც ვამბობ, რადგან დაქორწინებული კაცი ვარ და რვა შვილი მყავს. სწორედ ჩემზე ამბობენ, მეოჯახეაო და ამის ერთგვარი დასტური ჩემი 15-კაციანი ავტოფურგონია.

ვერ ვიტყვი, რომ დღეს ოჯახების კერპებად გადაქცევაში დამნაშავე მხოლოდ მშობლების გადამეტებული სიყვარულია საკუთარი შვილების მიმართ ან ოჯახების განსაკუთრებული მხარდაჭერა ეკლესიის მიერ. დღეს მსოფლიო დაჟინებით ცდილობს, კიდევ ერთხელ განსაზღვროს ქორწინების არსი და ამით დააკნინოს ოჯახის ფუნდამენტური მნიშვნელობა. ქრისტიანები მხარს უნდა უჭერდნენ ყოველ მცდელობას, რათა გვქონდეს ჯანსაღი ოჯახები.

ამერიკაში ყოველი ხუცესი გეტყვით სამწუხარო ამბავს იმ მრევლის შესახებ, რომელთაც უფალი ოჯახით ჩაანაცვლეს, მაგალითად:

• მშობლები, რომლებიც თვეებია, ეკლესიაში აღარ გამოჩენილან ბილის ფეხბურთის ახალგაზრდული ლიგის ან სალის ახლახან დაწყებული საფრენბურთო კარიერის გამო.

• ერთგული ქრისტიანები, რომლებიც არასოდეს დაპატიჟებენ კოლეჯის სტუდენტს მადლიერების დღეს ან შობას იმ მიზეზით, რომ დღესასწაულები მხოლოდ ოჯახში აღსანიშნავად მიაჩნიათ.

• ეკლესიის წევრები, რომლებიც არ იწუხებენ თავს, იმსახურონ კვირაობით ან გამოელაპარაკონ სტუმრებს იმ მიზეზით, რომ მთელი ოჯახი ბებიასთან იკრიბება სადილზე.

• შვილები და შვილიშვილები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისინი წევრებს შორის უნდა მიიღონ ან უნდა მოინათლონ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მშობლები და ბებია-ბაბუები იყვნენ ეკლესიის ერთგული და დასაყრდენი წევრები.

• ეკლესიები, რომლებიც დაფარულად (ან ღიად) საუბრობენ, რომ ქორწინება არის აუცილებელი ეტაპი სულიერი სიმწიფისათვის.

• ქრისტიანები, რომელებიც ივიწყებენ ქორწინების შესახებ ჯანსაღ სწავლებას და ეკლესიის დისციპლინას, როდესაც თავიანთი შვილები ანდობენ მათ საიდუმლოს თავიანთი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ ან უმხელენ მათ სხვა ცოდვებს.

ოჯახის თაყვანისცემა, შესაძლოა, პრობლემად იქცა იმიტომ, რომ ეკლესია ნაკლებ ყურადღებას უთმობს მარტოხელებს და მეტადაა კონცენტრირებული დაქორწინებულ წყვილებსა და ბავშვებზე.

ცხოვრებაში უფალი მრავალ საჩუქარს გვიძღვნის: ჩვენი ნიჭები საჩუქარია, მუსიკალური უნარები, ინტელექტი, სილამაზე, სამსახური და ა.შ. ღმერთის საჩუქარია ჩვენდამი, თუმცა არავინ აყენებს ეჭვქვეშ, რომ ყოველივე ეს, შესაძლოა, თაყვანისცემის ობიექტი გახდეს, ისევე, როგორც ოჯახი.

ოჯახი კაცისა და ქალის შეთანხმებული ერთობაა, რომელიც შთამომავლობას წარმოშობს. იგი ნამდვილად საჭირო რამ არის, რადგან ის ღვთის შემოქმედების ნაწილია, უფლის გეგმაა, მისი ნებაა, მაგრამ ეს არაა უმთავრესი და განმსაზღვრელი, რადგან ნამდვილი ოჯახი, როგორც ჩვენ მას განვსაზღვრავთ ხოლმე, არა ქორწინებით შექმნილი ბუნებრივი ურთიერთობებია, არამედ ზებუნებრივი ურთიერთობები, რომლებიც ქრისტეს სისხლის მეშვეობით მოგვეცა.

წყარო

თარგმანი: თამარ ცხოვრებაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...