„ჩაკეტილი ბედი“, ანუ ბედნიერების ძებნაში

374

დამღლელი დღის ბოლოს ტელევიზორის პულტს ვაწვალებ, თითქმის ყველა არხზე ახალი სეზონის რეკლამაა, „ყვითელი შოუები“ კი ამ სეზონზეც რეიტინგისთვის ბრძოლაში მთავარი „კოზირია“. გუშინ ბედნიერებისგან გაბრწყინებული და თითზე ბეჭედწამოცმული ცნობილი ადამიანი, ერთი კვირის შემდეგ, ახლა ცრემლებს ღვრის და საკუთარ უბედობასა თუ ცხოვრების სისასტიკეზე მოთქვამს: „არადა ისეთი ბედნიერი ვიყავი…“

სიყვითლეა ქართული პრესის რეალიზების მთავარი მაჩვენებელიც და, როგორც ამბობენ, ჭორების მოსმენა ასე ბევრს რომ არ სწყუროდეს, მათ არც არავინ მოიგონებდა და მით უმეტეს, არ დაბეჭდავდა. აქ ერთმანეთის მიყოლებით წაიკითხავთ ინტერვიუს ეზოთერიკთან, მოძღვართან და ასტროლოგთან; გასწავლიან, როგორ მოაწყოთ სახლი ფენ-შუის მიხედვით და დამატებით, ადამიანურ ტრაგედიებსაც შემოგთავაზებენ, რათა სხვისი უბედურების ფონზე თავი ცოტა უფრო ბედნიერად იგრძნოთ. ქართული პრესის მთავარი „საზრუნავიც“ ხომ თითოეული ჩვენგანის „ბედნიერებაა“; მაგალითად, ყოველ მეორე გვერდზე შეხვდებით განცხადებას: „ვხსნი ‘ჩაკეტილ ბედს’, ჯადოს, უბარაქობას, ვაგვარებ პირად ცხოვრებას, ვაბრუნებ გაქცეულ ქმარს და მსგავსი…“ გარშემო ყველა „ბედნიერების რეცეპტს“ გვთავაზობს, მართალია, ცოტა ძვირია, მაგრამ ფასის გადახდა ყველაფერში საჭიროა.

ადამიანები გამუდმებით ბედნიერების ძებნაში არიან. ბედნიერებისა, რომლის ზუსტი განსაზღვრება, ალბათ, არავინ იცის, მათ შორის, არც ის, კონკრეტულია ის, თუ აბსტრაქტული; ხელშესახები რამ, თუ უბრალოდ შინაგანი მდგომარეობა; თუმცა, ვისთვის რა და როგორ… და მაინც, ეს მითური ბედნიერება, არარსებული ლურჯი ფრინველივით, ყოველ ჯერზე, ერთი ნაბიჯით გვისწრებს და ჩვენც მივდევთ; მივდევთ ანგარიშმიუცემლად და ვერ ვხვდებით, როდისღა ვცხოვრობთ.

ქვეცნობიერად, ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ ბედნიერნი ვიყოთ. ვიღვწით იმ ბედნიერებასთან ასოცირებული სტანდარტებისკენ, როგორებიცაა მატერიალური კეთილდღეობა, სტატუსი, სილამაზე, ჯანმრთელობა და ძალაუფლება. ძალიან ხშირად, ამ თავდაუზოგავ სრბოლაში, წესებს ვარღვევთ და ვერც კი ვხვდებით, როდის ვიწყებთ ჩვენი არაადეკვატური ქცევების გამართლებას ბედნიერების სახელით. თანდათან ვაღწევთ კიდეც გარკვეულ ფირნიშამდე, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ ეს ის არ არის, რაც გვჭირდებოდა და გზა გრძელდება, და რამდენადაც გრძელია გზა, მით უფრო ცოტა რჩება დრო…

რატომღაც, ადამიანებმა ბედნიერება პრობლემების უქონლობასთან გააიგივეს, მაგრამ რაც უფრო მეტად იქნევენ „ცხრათავიანი გველეშაპის“ წინააღმდეგ ხმალს, მით მეტი თავი ამოსდის მას, და რაც უფრო მეტად ეგოცენტრულნი და საკუთარი თავის კარგად ყოფნაზე კონცენტრირებულნი ვხდებით, მით უფრო მეტად გვტანჯავს მარტოობის შეგრძნება… ერთ რამეს კი ყველა თანაბრად სწორად აღიქვამს, რომ ბედნიერება სულიერ სიმშვიდეს უკავშირდება.

ქრისტიანობა ის რელიგიაა, რომელიც არ გეუბნება, როგორ უნდა მოიპოვო ბედნიერება, არამედ გასწავლის, როგორ გახდე ბედნიერება სხვისთვის; ქრისტიანობა გასწავლის, როგორ ატარო ბედნიერება და სიხარული შენში მაშინაც კი, როცა გარეთ ყველაფერი რიგზე ვერ არის. ქრისტიანობა იმ ადამიანების რწმენაა, რომლებიც ღიმილით იხოცებოდნენ კოლიზეუმის არენაზე ნერონის ლომებთან შეტაკებისას და ეს ღიმილი იყო იმ სულიერი სიმშვიდის დასტური, რომელსაც ვერ წაგვართმევს ვერავინ და ვერაფერი, მათ შორის, ვერც სიკვდილი. ბედნიერება შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც გვაძლევს ძალას იმისა, რომ ავმაღლდეთ ირგვლივ არსებულ სიტუაციებზე. ეს ჩვენი ღირსეული დამოკიდებულებაა სიძნელეებისადმი. ეს არის იმის დანახვის უნარი, რაც საუკეთესო გაქვს. ნუ იქნები ბედნიერების ძებნაში, უბრალოდ ისწავლე, როგორ იყო ბედნიერი.

ნატალია ჩიქოვანი

ჩატვირთვა...