გრიგოლ ღვთისმეტყველი – კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი და არიანელთა ერესის წინააღმდეგ მებრძოლი

214

დიდი ხნის განმავლობაში გრიგოლ ნაზიანზელის ხსენების დღეს 9 მაისს აღნიშნავდნენ, მაგრამ თარიღები იცვლება. ახლა მისი ხსენების დღეს იანვარში აღნიშნავენ ბასილი დიდის ხსენების დღეს. ამ შემთხვევაში თარიღს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა. აქ იგულისხმება ხუთი დიდებული ქადაგება სამების შესახებ.

გრიგოლი და ბასილი სკოლაში ერთად სწავლობდნენ, ჯერ კაბადოკიაში, შემდეგ კი ათენში, სადაც მათთან ერთად სწავლობდა მომავალი იმპერატორი და ქრისტიანთა მდევნელი იულიანე განდგომილი. ბასილის გმირული შემართება ახასიათებდა და თავშეკავებული იყო, გრიგოლი კი პირიქით, მგრძნობიარე, გაუბედავი, ჩუმი და წიგნებს ჩაკირკიტებული იყო, გადაწყვეტილებათა მიღება უჭირდა და ადვილად ვარდებოდა სასოწარკვეთილებაში. ორივე ღმერთის ერთგული მორწმუნე გახლდათ, მაგრამ გრიგოლს მღვდლობა არ უნდოდა, რადგან ფიქრობდა, რომ მღვდელი, პრაქტიკულად, სრულყოფილი უნდა ყოფილიყო.

გრიგოლის მამას, ნაზიანზის ეპისკოპოსს (თანამედროვე თურქეთი, სამხრეთ კაბადოკია) დამხმარე სჭირდებოდა და თავის ვაჟს აიძულა მღვდელი გამხდარიყო. გრიგოლი გაიქცა და რამდენიმე კვირის ფიქრისა და განსჯის შემდეგ დაბრუნდა უკან. დაწერა პამფლეტი, სადაც განმარტავდა გაქცევის მიზეზს და აღწერდა, როგორი უნდა ყოფილიყო მღვდელი. დაბრუნების შემდეგ მან თავისი პირველი ქადაგება წარმოთქვა, 362 წელს, აღდგომის დღესასწაულზე.

ბასილი კი კაბადოკიის ეკლესიებზე კონტროლის მოსაპოვებლად იბრძოდა. თავისი პოზიციის განსამტკიცებლად მან ახალი ეპარქია შექმნა სასიმაში. მან გრიგოლს ხელი დაასხა, მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლს ეს არ სურდა და ეს ახალი ეპარქია ჩააბარა. გრიგოლს გამბედაობა არ ეყო უარის სათქმელად, ცოტა ხანი დაჰყო იქ და უკან დაბრუნდა ისე, რომ არც ერთი ღვთისმსახურება არ ჩაუტარებია. ამან გაანელა მეგობრობა ბასილისა და გრიგოლს შორის. გრიგოლი მამას ეხმარებოდა. მამის გარდაცვალების შემდეგ გრიგოლმა თითქმის მთელი ქონება ღარიბებს  დაურიგა. ის ზრუნავდა თავისი მამის საეპისკოპოსოზე, მაგრამ ეპისკოპოსობაზე უარს აცხადებდა. საბოლოდ, ის მონასტერში წავიდა. შემდეგ კი, ნაზიანზის მცხოვრებთა თხოვნით, ისევ დაბრუნდა და ეკლესია ჩაიბარა.

მაშინ, როცა თეოდოსიუსი გახდა იმპერატორი, რამდენიმე საეკლესიო პირმა სთხოვა გრიგოლს გამხდარიყო კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელ ქრისტიანთა წინამძღოლი. გრიგოლმა ამჯერად თანხმობა განაცხადა. არიანელები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ქრისტე შექმნილი არსება იყო, 40 წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ ქალაქს, ყველა ტაძარი მათ ხელში იყო და ამიტომაც, გრიგოლი იძულებული იყო პატარა საყდარში ექადაგა, არიანელები დასცინოდნენ გრიგოლს და ავიწროვებდნენ მას. სწორედ ამ პერიოდში წარმოთქვა გრიგოლმა თავისი ყველაზე შესანიშნავი ქადაგებები სამების მოძღვრების დასაცავად. ამ ქადაგებათა მეშვეობით მან საბოლოოდ დაამარცხა არიანელთა ერესის არგუმენტები.

თეოდოსიუსმა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსად დანიშნა გრიგოლი, რომელმაც იმპერატორს სთხოვა, რომ მოწყალება გამოეჩინა მოწინააღმდეგე არიანელთა მიმართ: „დაე, ისინი სიმშვიდითა და თავმდაბლობით დავამარცხოთ; დაე, მათი სასჯელი მათივე სინდისის მხილება იყოს და არა ჩვენი გულისწყრომა“.

მიუხედავად ამისა, წინააღმდეგობა იმდენად ძლიერი იყო, ხოლო გრიგოლი ჯანმრთელობას უჩიოდა და ამ ამიტომაც ის რამდენიმე თვეში გადადგა. ერთი შეხედვით, ის წარუმატებელი და უიღბლო იყო, მაგრამ, სინამდვილეში, მისი შრომის მნიშვნელობა უფრო და უფრო იზრდებოდა. გრიგოლი 389 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა. ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.

წყარო:

ჩატვირთვა...