იან ჰუსის განკვეთა და რომის პაპის ინტერდიქტი (15 მარტი)

275

ანა ბოჰემიელისა და ინგლისის მეფე რიჩარდ II-ის ქორწინების მეშვეობით ინგლისელი ღვთისმეტყველის ჯონ უიკლიფის შრომებმა ბოჰემიასაც მიაღწია და ფართოდ ცნობილი გახდა მე-15 საუკუნის დასაწყისში. ბოჰემია, სადაც ეკლესია აღმოსავლეთიდან მოსულმა მისიონერებმა დააარსეს, არ იყო ისე მჭიდროდ იყო დაკავშირებული რომთან, როგორც დასავლეთ ევროპის სხვა ერები. ამ ეკლესიას ბოჰემიურად თარგმნილი წმინდა წერილიც კი ჰქონდა. უიკლიფის მიმდევრებს შორის გახლდათ იან ჰუსიც, პრაღის უნივერსიტეტის რექტორი და ბეთლემის ეკლესიის მქადაგებელი, რომელიც გმობდა სამღვდელოების სიხარბესა და უზნეობას და ეკლესიაში გავრცელებულ ცრუმორწმუნეობას.

უიკლიფის შრომებმა და ჰუსის ქადაგებებმა ბოჰემიის ბევრი მცხოვრები დაარწმუნა, უარი ეთქვათ ისეთ წეს-ჩვეულებებსა და პრაქტიკაზე, რომლებიც არ შეესაბამებოდა წმინდა წერილს. პრაღის არქიეპისკოპოსმა სბინკომ თავდაპირველად მხარი დაუჭირა იან ჰუსს, მაგრამ, შემდეგ, იძულებული გახდა მის წინააღმდეგ წასულიყო და რომის პაპ ალექსანდრე V-სთან (ერთ-ერთი იმ სამი პაპიდან, რომლებიც ერთდროულად აცხადებდნენ პრეტენზიას ჭეშმარიტ პაპობაზე) და ეკლესიიდან განკვეთა.

ბოჰემიელები აჯანყდნენ. ალექსანდრე V მოულოდნელად გარდაიცვალა და იოანე XXIII-მ დაიკავა მისი ადგილი. ჰუსმა და მეფე ვენცელმა იოანეს მიმართეს ჰუსის განკვეთის გასაუქმებლად, მაგრამ ახალმა პაპმა დაადასტურა წინამორბედი პაპის დადგენილება. კარდინალ ოტო კოლონას რჩევით (მოგვიანებით, პაპი მარტინ V) პაპმა იოანემ ჰუსი ერეტიკოსად გამოაცხადა და რომში დაიბარა. ჰუსმა უარი თქვა პაპთან გამოცხადებაზე. 1411 წლის თებერვალში პაპმა განკვეთა ჰუსი და ინტერდიქტი დაადო პრაღას, რომელიც 1411 წლის 15 მარტს გამოიცა. ინტერდიქტი ნიშნავდა იმას, რომ პრაღაში მცხოვრებ კათოლიკეებს ეკრძალებოდათ წმიდა საიდუმლოებათა აღსრულება.

იმავე წლის დეკემბერში პაპმა იოანემ პრაღაში ინდულგენციებით მოვაჭრე გაგზავნა, რომელიც ხალხს ცოდვების მიტევებას ჰპირდებოდა ფულის გადახდის შემთხვევაში. ჰუსმა და სხვებმა დაგმეს ეს და განაცხადეს, რომ მხოლოდ მონანიება და სინანული იყო საჭირო ცოდვების მისატევებლად. ამ ყველაფერს სახალხო მღელვარება მოჰყვა. მაშინ, როცა პაპის აგენტებმა უფრო მკაცრი განკვეთა გამოაცხადეს ჰუსის მიმართ, მეფე ვენცელმა რეფორმატორს ქალაქის დატოვება სთხოვა.

გადასახლებაში მყოფი ჰუსი წერდა წერილებსა და წიგნებს. მან განაახლა ძველი ბოჰემიური ბიბლია და წმინდა წერილი ერთადერთ სტანდარტად გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც უნდა განესაზღვრა ეკლესიას რელიგიის ჭეშმარიტება. მან პაპი ანტიქრისტეს შეადარა, დაუპირისპირდა ინდულგენციებს, უარყო უზნეო მღვდლისაგან შენდობის მიღება, დაგმო გამოსახულებათა თაყვანისცემა, უკუაგდო გარდაცვლილთათვის მესის ჩატარების წესი, დაუპირისპირდა განსაწმენდელის იდეას და უარყო საიდუმლო აღსარება (რაც ნიშნავს მღვდლისათვის ხმამაღლა ნათქვამ აღსარებას). ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ მრევლი როგორც პურით, ასევე ღვინითაც ეზიარებინათ და არა მხოლოდ პურით.

ქალაქ პრახატიცეში მცხოვრები ქრისტიანებისათვის მიწერილ წერილში იან ჰუსი ამბობდა, რომ შესაძლოა, ის კოცონზე დაეწვათ. ამავე წერილში წარმოთქვა მან თავისი ყველაზე ცნობილი სიტყვები: „ჭეშმარიტება იპყრობს ყველაფერს“. საუკუნეების შემდეგ, ჩეხეთის ეროვნულმა ასამბლეამ ჰუსის ეს სიტყვები –Veritas omnia vincit – ნაციონალურ მოტოდ აქცია: „ჭეშმარიტება ბატონობს“.

წყარო: www.christianhistoryinstitute.org

ჩატვირთვა...

Negatif Haberler