პაპი პიუს XI – ენციკლიკა ნაცისტების წინააღმდეგ (14 მარტი)

132

ჰიტლერმა ძალაუფლება 1933 წელს ჩაიგდო ხელთ. ამას ბევრი ადამიანის მზარდი შეშფოთება მოჰყვა. ამავე წელს ვატიკანმა, კათოლიკური ეკლესიისა და თავისი მიმდევრების დასაცავად, ხელი მოაწერა კონკორდატს რეიხთან. ჰიტლერმა ეს ხელშეკრულებაც ისევე ერთგულად დაიცვა, როგორც სხვებთან დადებული ხელშეკრულებები, ანუ იცავდა ისე, როგორც მისთვის ხელსაყრელი იყო. 1937 წლისათვის კონკორდატი გაუქმდა.

პიუს XI იმ ადამიანთა შორის იყო, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ ნაცისტების მოთხოვნებითა და ეკლესიის მიმართ მათ უპატივცემულობით. ნაცისტებმა შეზღუდეს და შემდეგ დახურეს კათოლიკური სკოლები და პრესა და თანდათანობით გაანადგურეს მთელ გერმანიაში არსებული კათოლიკური ორგანიზაციები.

საპასუხოდ პაპმა გამოსცა ენციკლიკა 1937 წლის 14 მარტს. მისმა აგენტებმა პაპის წერილი ფარულად მთელ გერმანიაში გაავრცელეს და კათოლიკე მღვდლებმა ბზობის დღესასწაულზე წაიკითხეს იგი ყველა ეკლესიასა და ტაძარში. საბედნიეროდ, ამ ენციკლიკის არც ერთ ასლი არ ჩავარდნიათ ხელში ნაცისტებს კათლიკეებზე ადრე.

„კონკორდატის წარუმატებლობა ეკლესიის ბრალი არ ყოფილა,“ ამბობდა პაპი. „ნებისმიერი ადამიანი, ვისაც საკუთარ თავში სულ ცოტაოდენი ჭეშმარიტების გრძნობა თუ აქვს… იძულებული იქნება აღიაროს, რომ ამ რთულ და მოვლენებით აღსავსე წლების განმავლობაში კონკორდატის დადების შემდგომ, ჩვენი თითოეული სიტყვა და თითოეული საქმე რეგულირდებოდა ამ შეთანხმების თანახმად… ეს ადამიანი იმასაც შენიშნავს, თუ როგორ იქცა ქცევის შესახებ დაუწერელ კანონად მეორე მხარისათვის [ნაცისტებისათვის] ის, რომ არასწორად განმარტონ, თავი აარიდონ, დაამცრონ და საბოლოოდ, მეტად ან ნაკლებად, ხელყონ შეთანხმება.“

ენციკლიკა მოუწოდებდა კათოლიკეებს: „რასა, ერი, სახელმწიფო… ყველას არსებითი და საპატიო ადგილი აქვს საერო წყობილებაში. მათი აბსტრაჰირება ფასეულობათა მიწიერი შკალიდან და მათი გადაქცევა ყველა ფასეულობის, მათ შორის, რელიგიური ფასეულობათა, უმაღლეს ნორმად და მათი გაღმერთება კერპთაყვანისმცემლური კულტია და ნიშნავს დანაშაულის ჩადენას ღვთის მიერ დადგენილი წესრიგის შერყვნისა და გაყალბების მხრივ…“

პაპის ენციკლიკა ნაციზმის წინააღმდეგ მიმართული მისი ერთ-ერთი განცხადებათაგანი იყო. 1938 წელს წარმოთქმულ გაცილებით უფრო ვრცელ სიტყვაში პაპმა შეახსენა ქრისტიანებს, რომ ჩვენ ვართ აბრაამის სულიერი შთამომავლები და შესაბამისად, ანტისემიტიზმი შეუწყნარებელია: „არა, არა, მე გეუბნებით, რომ შეუძლებელია ქრისტიანმა ანტისემიტიზმში მიიღოს მონაწილეობა. ეს მიუღებელია. ქრისტეს მეშვეობით და ქრისტეში ჩვენ ყველა აბრაამის სულიერი მოდგმა ვართ. სულიერად, ჩვენ სემიტები ვართ.“

წყარო: http://www.christianity.com/

ჩატვირთვა...

Negatif Haberler