სამუელ ვილარდი და ინდიელთა მიერ ქალაქ გროტონის აღება (13 მარტი)

91

1663 წლის 21 ივნისს გროტონის, მასაჩუსეტსის მცხოვრებლებმა სამუელ ვილარდი აირჩიეს ხუცესად „სიცოცხლის ბოლომდე“. სამუელი აქამდეც ქადაგებდა ამ პატარა სასაზღვრო ქალაქში იქაური ხუცესის, ჯონ მილერის, ავად ყოფნისას. ამჯერად მან მიიღო შეთავაზება, ოღონდ სიფრთხილით მოეკიდა ამ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ დარჩებოდა ამ თანამდებობაზე მანამ, სანამ „ღვთიური განგება“ სხვა ადგილს არ მიუთითებდა.

ვილარდი დაქორწინდა და კარგი, პურიტანული ოჯახი შექმნა. გროტონი გაიზარდა და ქალაქად იქცა, სადაც 400 მოსახლე იყო. მასაჩუსეტსის სხვა ქალაქებიც იზრდებოდა.

1675 წელს ამერიკის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც შეწუხებული იყო თეთრკანიანთა მიერ მათი მიწების დაპყრობით, გაერთიანდა მეფე ფილიპეს მეთაურობით, რომელიც ბელად მასასოიტის მეორე ვაჟი გახლდათ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ კოლონიებს გაანადგურებდნენ. ისინი ორი წლის განმავლობაში არბევდნენ ახალი ინგლისის ქალაქებსა და სოფლებს. სამუელმა მისწერა ქვეყნის აღმოსავლეთში მყოფ ხელისუფლებას და ყოველ ქალაქში გარნიზონის ჩაყენება სთხოვა. მაიორმა სიმონ ვილარდმა, სამუელის მამამ, რომელსაც სულ რაღაც 4 ქვედანაყოფი ჰყავდა, გადაწყვიტა, რომ დაეცვა ლანკასტერი, გროტონი და სედბერი.

10 თებერვალს ლანკასტერი დაეცა ინდიელებთან ბრძოლაში. 1676 წლის 10 მარტს ინდიელებმა გროტონსა და სედბერის შეუტიეს და რამდენიმე ადამიანი მოკლეს, მაგრამ დიდი ზიანი არ გამოუწვევია მათთან შეტაკებას. მთელ კოლონიაში მცხოვრები პურიტანები ლოცულობდნენ და მარხულობდნენ. გროტონის მცხოვრებლებმა იფიქრეს, რომ მცირეოდენი ზიანით დააღწიეს თავი ამ მდგომარეობას, მაგრამ 1676 წლის 13 მარტს, ოთხასმა ინდიელმა მეორედ შეუტია გროტონს.

მაიორი ვილარდი არ იმყოფებოდა გროტონში და ინდიელებმა შეძლეს ქალაქის აღება. მათ სახლების უმეტესობა დაწვეს. დაწვეს ეკლესიაც. ინდიელები იქ ღამითაც დარჩნენ და დილით რამდენიმე გვამს თავები მოჰკვეთეს და სარებზე წამოაცვეს. მაიორი ვილარდი ინდიელთა წასვლის შემდეგ ოთხ დღეში დაბრუნდა.

გადარჩენილებმა ქალაქის დატოვება გადაწყვიტეს. სამუელმა თავისი ოჯახი დასთან საცხოვრებლად წაიყვანა. ორიოდე თვის შემდეგ მას ხუცესის დამხმარის თანამდებობა შესთავაზეს ბოსტონის პრესტიჟულ ეკლესიაში (Old South Church).

ეს ცვლილება ღირსშესანიშნავი იყო არა მხოლოდ მისთვის, არამედ ახალი ინგლისისთვისაც. ამ ახალმა თანამდებობამ ის ორთოდოქსი პურიტანიზმის დაცვის წინა ხაზზე დააყენა (რომელიც ეწინააღმდეგებოდა არმინიანიზმსა და უნიტარიანიზმს). გროტონში ის კარგად გაუმკლავდა ჯადოქრობის პრობლემას და დიდად კრიტიკული იყო „სალემის ჯადოქართა სამსჯავროზეც“ (Salem Witch Trials). მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1679 წელს გამართულ სინოდზე, რომელიც მკაცრი კალვინიზმის მომხრე იყო. საბოლოოდ, ის ჰარვარდის კოლეჯის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, ამავდროულად, სამხრეთის ეკლესიის ხუცესადაც რჩებოდა. სწორედ მან მონათლა ჩვილი ბენჯამინ ფრანკლინი.

სამუელ ვილარდი 1707 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. თომას პრინსმა და მისმა სხვა მიმდევარმა გამოაქვეყნეს ვესტმინსტერის მცირე კატეხიზმოს მიხედვით წარმოთქმული მისი ქადაგებები ათასგვერდიან ტომად ( Complete Body of Divinity).

წყარო: http://www.christianity.com

ჩატვირთვა...

Negatif Haberler