მამის გავლენა ბავშვის პიროვნებაზე

230

კონექტიკუტის შტატის უნივერსიტეტის  მეცნიერები გვამცნობებენ, რომ ბავშვისთვის ყველაზე ძლიერი ნეგატიური გამოცდილება, რომელიც  სერიოზულ გავლენას ახდენს მისი პიროვნულობის განვითარებაზე, არის მამის უყურადღებობა მის მიმართ.

რონალდ რონერმა, პიროვნებათშორისი ურთიერთობების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელმა და მისმა კოლეგებმა 36 გამოკვლევა ჩაატარეს ამ თემასთან დაკავშირებით, რომლებიც 1975 წლიდან 2010 წლის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ამ გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდა 1400 ზრდასრული ადამიანი და 8600 ბავშვი 18 ქვეყნიდან.

პიროვნული მახასიათებლები ყველა გამოკვლევაში შეაფასეს ცნობილი თეორიის მიხედვით – Parental acceptance-rejection theory (მშობლის მიერ მიღება-უარყოფის თეორია). ეს სოციალიზაციის თეორიაა, რომელიც განმარტავს და წინასწარ განჭვრეტს მშობლის ყურადღებას / უყურადღებობას ბავშვისადმი, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს მის შემეცნებით და ემოციურ განვითარებაზე.

შეფასება მიმდინარეობდა შვიდი კრიტერიუმის მიხედვით: აგრესიულობა, დამოუკიდებლობა, პოზიტიური თვითშეფასება, თვითაღქმის ადეკვატურობა, ემოციური გამოხმაურება (ემოციური მდგრადობა) და დადებითი მსოფლმხედველობა.

გამოკვლევის შედეგის თანახმად, ბავშვის განვითარებაზე ყველაზე დიდ გავლენას მამა ახდენს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უმრავლესობას ბავშვის აღზრდისთვის დრო არ რჩება, ყურადღებასაც უფრო ნაკლებად აქცევენ, ვიდრე დედები, დაკავებულობის ან ამ პროცესისადმი ინტერესის არქონის გამო.

რონერის განმარტებით, მრავალ კულტურაში მამები ოჯახის იერარქიული კიბის მწვერვალზე დგანან, ოჯახის თავად მიიჩნევიან, დედებზე უფრო დიდი გავლენა აქვთ და შიდაოჯახურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესშიც ბოლო სიტყვა მათ ეკუთვნით.

მეცნიერმა ისიც აღნიშნა, რომ, რადგანაც დედები ბავშვებთან უფრო მეტ დროს ატარებენ, აღზრდაში დაშვებული შეცდომებიც მათ მიეწერებათ, თუმცა უნდა ვხვდებოდეთ იმას, რომ ბავშვზე გავლენას ახდენს ორივე მშობლის შიდაოჯახური ქცევა.

რონერმა გამოთქვა იმედი, რომ ამ გამოკვლევის შედეგები მამებს დაეხმარება საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებასა და ბავშვებისადმი უფრო მეტი სიყვარულისა და ზრუნვის გამოვლენაში  მათი ადრეული ასაკიდანვე.

წყარო: https://detstvo.ru

ჩატვირთვა...