შეიძლება თუ არა ბავშვის დასჯა?

118

„ნუ მოაკლებ წვრთნას შენს შვილებს; წკეპლა არ მოკლავს მათ. წკეპლის ცემით შენ მის სულს სიკვდილისაგან იხსნი.“ (იგავები 23:13-14)

როგორ უნდა დავსაჯოთ ბავშვი? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აკრძალულია ბავშვის დასჯა განრისხებისას. არ გაქვთ უფლება ბავშვზე გადმოანთხიოთ საკუთარი მრისხანება. ცუდი ხასიათი, განრისხება – ეს უკვე „წითელი შუქია“, გამაფრთხილებელი ნიშანია იმისა, რომ ბავშვს არ უნდა მიუახლოვდეთ, რაც არ უნდა დაეშავებინა მას.

მე, მაგალითად, მსგავს სიტუაციებში, შევდივარ ჩემს ოთახში, ვწყნარდები და ვლოცულობ. ბავშვი იმ დროს არ უნდა დავსაჯოთ, როდესაც განრისხებულნი ვართ. ბავშვს უნდა გააგებინოთ, რომ მას იმისათვის სჯით, რომ იგივე აღარ გაიმეოროს და არა იმიტომ, რომ მასზე ანთხევთ ბრაზს. წკეპლით ბავშვის დასჯისას საჭიროა მისი ასაკისა და სქესის გათვალისწინება. ფიზიკურად ბავშვის დასჯა ნებადართულია იმ ასაკამდე, ვიდრე მას აქვს  ამის დავიწყების უნარი.

მშობელმა უნდა იცოდეს, როდის გაიცინოს ბავშვის ნამოქმედარზე, როდის უნდა დასაჯოს წკეპლით და როდის უნდა დაარიგოს სიტყვით, წკეპლის გარეშე.

ხანდახან თავად მშობლები უბიძგებენ ბავშვს ცუდი საქციელის ჩადენისკენ. მაგალითად, მამა ეუბნება შვილს: „აბა, შეაგინე ამ ძიას“. ბავშვი უწმაწურ სიტყვებს ამბობს, რაზეც მშობელი იცინის.

ბავშვი იზრდება და მისთვის ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივი რამ ხდება, შემდეგ იწყებს მოწევას, სმას და 18 წლის ასაკში ციხეშიც შეიძლება მოხვდეს. შემდეგ მშობლები სვამენ კითხვას: „რატომ მოხდა ასე? ჩვენ ხომ ყველაფერი გავაკეთეთ მისთვის, რაც შეგვეძლო; არაფერზე ვეუბნებოდით უარს“. ადამიანები ვერ იგებენ, რომ საკვებსა და ტანსაცმელზე ზრუნვა არ ნიშნავს აღზრდას.

ერთხელ ისეთი შემთხვევის მოწმე გავხდი, რომელმაც ძალიან გამაოცა. მამამ თავისი თვრამეტი წყლის გოგონას წყლის მიტანა სთხოვა. გოგონას ცოტა წყალი დაექცა იატაკზე. „დებილო“, – უთხრა მამამ შვილს და თავში ხელი წამოარტყა. ის ვერ მიხვდა, რომ ასეთი საქციელით თავის ქალიშვილს ღირსება შეულახა. განა შეიძლება ახალგაზრდა ქალს ასე მოექცე? ბევრი მშობლისთვის ყვირილი ან ხელის დარტყმა ჩვეულებრივი რამაა. შვილი ისე უნდა აღზარდოთ, რომ თქვენი ხმის უმნიშვნელო ცვლილებამაც კი მაშინვე დააფიქროს, მიახვედროს, რომ მან რაღაც ისე არ გააკეთა, როგორც საჭირო იყო.

არიან ბავშვები, რომლებსაც არ ახსოვთ, რომ მშობლებს ისინი დაესაჯოს, მაგრამ მათ მშობლებთან საუბრისას, გაიგებთ, რომ სინამდვილეში ისინი შვილებს სჯიდნენ. იცით, რატომ არ ახსოვთ ეს მათ შვილებს? იმიტომ, რომ მშობლები მათ სათანადო დროს სჯიდნენ წკეპლით. ისეთი ბავშვებიც შეიძლება შეგვხვდნენ, რომლებსაც ფიზიკური სასჯელის გარდა არაფერი ახსოვთ.

ამონარიდი წიგნიდან „ოჯახი“

არტურ სიმონიანი

წყარო: http://bogoblog.ru/

 

ჩატვირთვა...