ხედავდე ქალს… (მამის საუბარი შვილთან)

93

ერთხელაც, მოვა დრო, როდესაც მე დაველაპარაკები ჩემს ბიჭს ერთ მნიშვნელოვან თემაზე. არა, იმ თემაზე არა, რომელზეც ყველა მშობელს ერიდება საუბარი და რომელზეც ბავშვებს ეშინიათ კითხვა. მე მომწონს ადამიანებთან არაკომფორტულ (არასასიამოვნო) თემებზე საუბარი.

არა, მე მხედველობაში მაქვს სხვა საუბარი. ეს საუბარი მაშინ შედგება, როდესაც მე შევამჩნევ, რომ ჩემი შვილის თვალები აკეთებენ იმას, რისი კეთებაც მამაკაცის თვალებს კარგად გამოსდით – ვნების ობიექტის თვალთვალი. შეიძლება ეს ქუჩაში სეირნობისას შევამჩნიო, ბოულინგის თამაშის დროს, დროის ერთად გატარებისას ან სანაპიროზე ყოფნის დროს, არა აქვს მნიშვნელობა სად და როდის შევამჩნევ ამ თვალებს და მზერას. როდესაც ამას დავინახავ – მაშინ მოვა საუბრის დროც.

***

მოდი აქ, რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი. მე შევამჩნიე როგორ გახედე იმ გოგოს. არა, მე არ მინდა გაგკიცხო ან შეგარცხვინო. მე ვიცი, რატომაც გახედე მას ასე. მე მესმის ეს. მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამაზე, რადგან ის, თუ როგორ უყურებ ქალს, ძალიან მნიშვნელოვანია.

ბევრი გეტყვის, რომ ქალმა უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, თუ როგორ იცმევს, რომ არ გაცდუნოს შენ შეხედო მას არასწორი მზერით. მე კი ამას გეტყვი შენ: ქალის პასუხისმგებლობაა ჩაიცვას სახლიდან გამოსვლის წინ. შენი პასუხისმგებლობა კი ისაა, რომ დაინახო მასში ადამიანი, მიუხედავად იმისა, თუ რა აცვია მას.

შენ გექნება ცდუნება მას დადო ბრალი შენს მრუშულ გამოხედვაში, იმის გამო თუ რას იცმევს ან არ იცმევს ის. მაგრამ არ გააკეთო ეს. ნუ მოიკატუნებ თავს მსხვერპლად. როდესაც საუბარია შენს თვალებზე, შენ არ ხარ უსუსური მსხვერპლი. შენ შეგიძლია თვალები გააკონტროლო, გააძლიერე შენი თვითკონტროლი. ისწავლე თვალებში ყურება. მიაჩვიე შენს თავს დაინახო თავად გოგო და არა მისი სხეული ან ტანისამოსი. როგორც კი ნებას მისცემს საკუთარ თავს გახდე მსხვერპლი, შენ წაბორძიკდები და დაეცემი სიცრუეში, ცრუ რწმენაში იმისა, რომ შენ თითქოს და გარე გამღიზიანებელზე ფიზიკური რეაქციის განსახიერება ხარ, რომელსაც არ ძალუძს გადაწყვიტოს რა არის სწორი და რა – არასწორი, და განასხვავოს პიროვნება სხეულისგან.

შემომხედე მე. ეს ნამდვილი სიცრუეა.

შენ გაცილებით უფრო მეტი ღირხარ ამ ყველაფერზე. ქალიც, რომელსაც უყურებ ღირს მეტი, ვიდრე მისი ტანისამოსი. ის ღირს მეტი, ვიდრე მისი სხეული. ბევრი შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ აქცევენ მამაკაცები ქალებს თავიანთ საკუთრებად, ასეთი რამ ძალზედ ხშირად ხდება. ადამიანები აქცევენ თავიანთ საკუთრებათ მათ, ვინც უყვართ, იმით, რომ აკონტროლებენ მათ. თუ მართლაც გიყვარს ადამიანი, არ გახადო ის შენს საკუთრებად. როგორც კი აქცევ სხვა ადამიანს შენს საკუთრებად – იქნება ეს ქალი თუ მამაკაცი  – შენ თავად იტყვი უარს იმ უფლებაზე, რომ იწოდებოდე ადამიანად.

არის ორი სტერეოტიპი ქალის დრეს–კოდზე, რომელსაც თავს მოგახვევენ. ერთნი იტყვიან, რომ ქალებმა უნდა ჩაიცვან ისე, რომ მიიზიდონ მამაკაცთა ყურადღება. სხვები კი იმას დაამტკიცებენ, რომ ქალებმა უნდა ჩაიცვან იმგვარად, რომ დაიცვან თავიანთი თავები მამაკაცებისგან. შვილო, შენ გძალუძს ამაღლდე ამ ორ სტერეოტიპზე და უკეთესი იყო.

არც ქალი და, საერთოდ, არც სხვა ნებისმიერი ადამიანი არ არის ვალდებული ჩაიცვას ისე, რომ შენი ყურადღება მიიპყროს. შენ უნდა გამოიჩინო მათდამი ყურადღება, რომელთაც ისინი იმსახურებენ, რადგან ისინიც ადამიანები არიან. მეორე მხრივ, ქალმა არ უნდა იგრძნოს თავი ისე, თითქოს მას სჭირდება შენი დაცვა შენივე თავისაგან. შენ უნდა იყო ის, ვისაც შეუძლია თავის გაკონტროლება.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი რამ საპირისპირო სქესთან ურთიერთობებში აწყობილია შიშზე. შიში იმისა, რომ იყო უარყოფილი, შიში ძალადობისა, შიში დაკარგო კონტროლი. რაღაც გაგებაში, გარკვეულ წილად, ეკლესიამაც შეიტანა ამაში წვლილი. ჩვენ გვეშინია ერთმანეთის, რადგან გვასწავლეს, რომ სხვა საშიშია. ჩვენ გვასწავლეს, რომ ქალის სხეული აიძულებს მამაკაცებს შესცოდონ. ჩვენ გვეუბნებიან, რომ თუ ქალი გამოაჩენს მეტ ნაწილს თავისი სხეულისა, მამაკაცები ჩაიდენენ ბევრს სულელურ საქციელებს. მოდი ვიყოთ გულახდილები: ეს არა ქალის სხეული წარმოადგენს შენთვის საფრთხეს. მისი სხეული ზიანს ვერ მოგაყენებს. ის ვერ გაიძულებს ჩაიდინო სისულელეები. თუ შენ დაიწყებ სულელური საქციელების ჩადენას, ეს მხოლოდ იმისა გამო, რომ თავად აკეთებ არჩევანს ჩაიდინო სულელური საქციელები. ასე, რომ არ დაეყრდნო შიშს, რომელიც ქალსა და მამაკაცს შორის არსებობს.

ქალის სხეული მშვენიერია, ის საოცარი და იდუმალია. პატივი ეცი ქალის სხეულს პატივისცემით თავად ქალისადმი, როგორც პიროვნებისადმი, რომელსაც აქვს ოცნებები, იმედები, განცდები და გრძნობები. ნება მიეცი მას იყოს თავდაჯერებული. გაამაგრე მისი თვითდაჯერებულობა. მაგრამ არ გააკეთო ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის  შენზე სუსტია. ეს ასე არ არის. ქალები სულაც არ არიან მამაკაცებზე სუსტები. ისინი „სუსტი სქესი“ კი არ არიან –  ისინი სხვა სქესი არიან.

მე იმის თქმა კი არ მსურს, რომ საერთოდ არ უყურო ქალებს. პირიქით, მე გეუბნები შენ იმას, რომ ხედავდე ქალებს. რეალურად რომ ხედავდე მათ. არა თვალებით, არამედ გულით. არ უყურებდე მათ შენი გრძნობების აღზნების მიზნით, არამედ ხედავდე მათ, ხედავდე ადამიანს.

იმედი მაქვს, რომ ქალებზე შენი შეხედულების შეცვლით, შენ დაიწყებ მათთან სხვანაირად მოქცევას. როდესაც შენ ქალების გარემოცვაში ხარ, უბრალოდ კი არ უნდა იმყოფებოდე იქ, არამედ იყავი ახლოს მათთან.

რადგან, ბოლოს და ბოლოს, მათ სურთ შენთან ახლოს ყოფნა. იმ შიშის გარეშე, რომ მათ გაკიცხავენ, შეარცხვენენ, დაადანაშაულებენ, აქცევენ საკუთრებად ან მოექცევიან არაადამიანურად. და ეს სურთ არა მარტო ქალებს. ყველა ადამიანს უნდა ასეთი დამოკიდებულება.

შენც ხომ გინდა, არა?

ნეიტ პაილი. 

ეკლესია Christ`s Community Church – ის ეპისკოპოსი

(თარგმანი: თამუნა ბაღდავაძე)

ჩატვირთვა...