35 საჩუქარი, რომელსაც თქვენი შვილები არასოდეს დაივიწყებენ

315

მომხმარებლობის ეპოქაში თანამედროვე ბავშვებს ძალიან ბევრი სათამაშო აქვთ და ამიტომ უფროსებს მათი გაკვირვება სულ უფრო და უფრო უძნელდებათ. მიუხედავად ამისა, ბავშვებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი ისაა, რასაც ვერც ერთ მაღაზიაში ვერ იყიდით.

როგორი საჩუქრები უნდა აჩუქონ მშობლებმა შვილებს? რამდენი საჩუქარი აჩუქეთ საკუთარ შვილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან?

  1. მხარდაჭერა
    სულ რაღაც ერთმა გამამხნევებელმა სიტყვამ შეიძლება ახალი გამარჯვებისკენ უბიძგოს ბავშვს. აგრძნობინეთ შვილებს, რამდენად აფასებთ მათ. არ დაგავიწყდეთ ამის ხშირად შეხსენება.
  2. ჩახუტება და კოცნა
    ერთი მამა ეუბნებოდა საკუთარ 7 წლის ვაჟს, რომ ის უკვე ძალიან დიდი იყო კოცნისთვის, მაგრამ ბავშვებისთვის უსაზღვროდ მნიშვნელოვანია მშობლების თბილი ჩახუტება და კოცნა! გახსოვდეთ, რა ასაკისაც არ უნდა იყოს თქვენი შვილი, არასოდეს არის გვიანი, რომ მოეხვიოთ და აკოცოთ მას და ამით თქვენი სიყვარული გამოხატოთ.
  3. სადილი და ვახშამი ერთად
    ერთობლივი სადილი და ვახშამი შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ მთელმა ოჯახმა მოიყაროს თავი, განიხილოს განვლილი დღე ან სამომავლო გეგმები.
  4. იუმორის გრძნობა
    გამონახეთ დრო იმისათვის, რომ ბავშვებთან ერთად იცინოთ. იუმორის გრძნობა ჯერ არავისთვის ყოფილა ზედმეტი.
  5. სილამაზის შემჩნევის უნარი
    დაეხმარეთ საკუთარ შვილს – დაინახოს სილამაზე ყველაფერში, რასაც ხედავს და ყველა ადამიანში, ვისაც ხვდება.
  6. შეცდომების დაშვების შესაძლებლობა
    ბავშვები ბავშვებად რჩებიან და დაუოკებლად მხიარულობენ, რაც თქვენს უზარმაზარ მოთმინებას მოითხოვს. გამოუყავით მათ სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ ცდებისა და გამოკვლევების ჩატარებას და შეცდომების დაშვებას.
  7. მტკიცე ოჯახი
    მტკიცე ოჯახი ხდება ის საძირკველი, რომელზეც თქვენი შვილები მთელ ცხოვრებას აშენებენ. მათ ყოველთვის უნდა ჰქონდეთ თქვენი მხარდაჭერისა და გაგების იმედი, ამიტომაც, შეეცადეთ, მტკიცე და ერთიანი ოჯახი შეინარჩუნოთ.
  8. უფრო მეტის მიღწევის სურვილი
    უბიძგეთ ბავშვს, რომ უფრო მეტის გაკეთების სურვილი ჰქონდეს. გაამხნევეთ იგი. ეს მას დაეხმარება უფრო და უფრო დიდი მიზნების მიღწევაში, შესაძლოა, იმაზე უფრო დიდის, ვიდრე თქვენ წარმოიდგენდით ოდესმე.
  9. დრო
    დრო ერთადერთი საჩუქარია, რომლის წართმევა ან უკან დაბრუნება შეუძლებელია. ეს ერთ-ერთი უძვირფასესი საჩუქარია, რის ჩუქებაც შეგიძლიათ საკუთარი შვილისათვის.
  10. ყურადღება
    თითქოს უბრალო, მაგრამ აუცილებელი რამ! იყავით თქვენი შვილების გვერდით, ხელიდან არ გაუშვათ მომენტები.
  11. თანაგრძნობის გამოხატვის უნარი
    სამწუხაროდ, ცხოვრება ხშირად უსამართლოა და როცა მსგავსი რამ ხდება, ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ არ დარჩეს გულგრილი და დაეხმაროს მათ, ვისაც ეს სჭირდება.
  12. დაფასების უნარი
    ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი თქვენი შვილისათვის არის იმის სწავლება, დააფასოს ის, რაც აქვს.
  13. ცნობისმოყვარეობა
    ასწავლეთ თქვენს შვილებს კითხვების დასმა და ცნობისმოყვარეობის გამოვლინება. „გეყოფა კითხვების დასმა!“ − ეს ის სიტყვებია, რომლებიც არასოდეს უნდა დაგცდეთ.
  14. გამბედაობა
    წარმატების მიღწევას ხელს უწყობს გამბედაობის გამოვლინება, ამისთვის კი ნებისყოფაა საჭირო.
  15. დისციპლინა
    ბავშვებმა უნდა ბევრი რამ ისწავლონ: მოქცევა, გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობა, მიზნების მიღწევა, სურვილების განხორციელება. რასაკვირველია, აღზრდისას დისციპლინას გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამ დისციპლინა მხოლოდ აკრძალვა ნუ იქნება, არამედ შეეცადეთ, დისციპლინა დადებითად და სასარგებლოდ გამოიყენოთ და ასეთივე კუთხით უჩვენოთ იგი ბავშვს.
  16. გამხნევება
    სიტყვებს უდიდესი ძალა აქვს. უბრალო სიტყვებს, რომლებსაც ყოველდღე ეუბნებით თქვენს შვილს, შეუძლია როგორც გაამხნეოს იგი, ასევე პირიქით, სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს. სწორედ ამიტომაც, უფრო გულმოდგინედ აარჩიეთ სიტყვები.
  17. შემოქმედების სურვილი
    ინტერნეტის გამოჩენასთან ერთად გაცილებით ადვილი გახდა სწავლა და რაღაცის შექმნა. წაახალისეთ ბავშვი და უბიძგეთ მას შემოქმედებითი სამუშაოსკენ, მსოფლიოს ხომ ასე ძალიან სჭირდება ადამიანები, რომლებსაც რაღაც ახლისა და კარგის შექმნა შეუძლიათ.
  18. გულუხვობა
    ასწავლეთ ბავშვს გულუხვობა, რომ როცა გაიზრდება, ძუნწი არ იყოს.
  19. სულიერება
    რწმენა ამაღლებს ჩვენს წარმოდგენას სამყაროს, ჩვენი მსოფლიოსა და სიცოცხლის შესახებ. ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ბავშვებს ჩავუნერგავდით, რომ ადამიანი მხოლოდ სისხლისა და ხორცისგან კი არ შედგება, არამედ გონებისგან, გულისგან, სულისა და ნებისგან. ჩაუნერგეთ ის, რომ მათ მიერ ცხოვრებაში მიღებული გადაწყვეტილებანი არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ სისხლისა და ხორცის მოთხოვნილებებს.
  20. პატიოსნება
    ბავშვები, რომლებსაც პატარაობიდან ასწავლიან პატიოსნებას, გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ იმისა, რომ ასეთივე პატიოსნები იყვნენ მომავალშიც. გარდა ამისა, პატიოსანი ადამიანები, ჩვეულებისამებრ, თავს უკეთ გრძნობენ და უფრო მეტად ტკბებიან სიცოცხლით და უფრო მშვიდად სძინავთ ღამით.
  21. იმედი
    იმედი იძლევა ძალას, აყალიბებს ამტანობასა და გამბედაობას. რთულ მომენტებშიც კი, სასოწარკვეთის ჟამს, სწორედ იმედი გვეხმარება გზის გაგრძელებაში.
  22. წარმოსახვა
    მთავარია ის, რაც გავიგეთ ბოლო 20 წლის განმავლობაში: ცხოვრება უფრო და უფრო სწრაფად იცვლება ყოველდღიურად და ხვალინდელი დღე უკვე აღარ ჰგავს დღევანდელს. ამ ახალ სამყაროს კი ქმნიან ის ადამიანები, რომლებსაც კარგი წარმოსახვა აქვთ.
  23. გაცნობიერებულობა
    ბავშვების აღზრდა, ეჭვგარეშეა, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმიანობაა, რომელიც გაცნობიერებულობის მაღალ დონეს მოითხოვს. გაერკვიეთ, ვინ ხართ და რა გინდათ, რის მიღწევა გსურთ და ეს ყველაფერი აუცილებლად ასწავლეთ თქვენს შვილებს.
  24. ცოდნისკენ სწრაფვა
    ცოდნის მოპოვების სურვილი განსხვავდება სკოლაში გაკვეთილების დაზეპირებისგან, რაც ატესტატის მიღებისთვის არის გამიზნული. ცოდნისკენ სწრაფვა ოჯახში ეძლევა ბავშვს. ამგვარად, ბავშვებთან ერთად იკითხეთ, დასვით კითხვები, გააანალიზეთ ყველაფერი.
  25. ბუნება
    ბავშვები, რომლებიც გარშემომყოფი სამყაროს დაფასებას სწავლობენ, შედეგად ზრუნავენ კიდეც მასზე. ჩვენ ხშირად ვთხოვთ საკუთარ შვილებს, რომ სახლში სისუფთავე და წესრიგი დაიცვან. რატომ არ უნდა ვასწავლოთ მათ სისუფთავისა და წესრიგის დაცვა სახლის გარეთაც?
  26. რაღაც ახლის გასინჯვის შესაძლებლობა
    ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა რაღაც ახლის გასინჯვისა, რათა გაიგონ, რა მოსწონთ და რა შეუძლიათ. გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, ეს სულაც არ მოითხოვს ბევრი ფულის დახარჯვას.
  27. ოპტიმიზმი
    პესიმისტები არ ცვლიან მსოფლიოს. ამას ოპტიმისტები აკეთებენ.
  28. გამარჯვებით სიამაყის უნარი
    აღნიშნეთ უბრალო მოვლენებიც კი. ბოლოს და ბოლოს, ეს პატარა მიღწევანი წლებთან ერთად უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
  29. მშვიდობისადმი სწრაფვა
    შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით, ამის გაკეთება თქვენს ძალებს აღემატება, მაგრამ რატომაც არ უნდა დაიწყოთ ამის კეთება გარშემომყოფებთან?
  30. თვითშეფასება
    ბავშვები, რომლებიც სწავლობენ საკუთარი თავის დაფასებას, ჩვეულებისამებრ, უფრო დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში და საკუთარი ღირსების გრძნობასა და თვითპატივისცემას ფლობენ. შედეგად, ზრდასრულობის ასაკში მათ უკვე აქვთ საკუთარი ფასეულობანი და მისდევენ კიდეც მათ.
  31. უნიკალურობა
    ჩვენთვის დამახასიათებელი განსხვავებანი გვაქცევს განსაკუთრებულ ადამიანებად. დაეხმარეთ ბავშვს საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში, რომ ადამიანებმაც შესაბამისად შეაფასონ მისი შესაძლებლობანი.
  32. კალთაში ჩაისვით
    ეს საუკეთესო ადგილია მთელ მსოფლიოში იმისათვის, რომ ბავშვს წიგნები წაუკითხოთ და უბრალოდ, ელაპარაკოთ.
  33. მშობლიური კერა
    იმის ცოდნა, რომ სახლში ის ადამიანები არიან, რომლებსაც უყვარხართ და გელოდებიან, ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და შესანიშნავი რამაა. იღებს თქვენი შვილი სითბოს მშობლიურ სახლში?
  34. მეუღლისადმი ერთგულება
    ერთგულება ქორწინებაში არა მხოლოდ ჩვენი სხეულების ქცევაა, არამედ ესაა თვალების, გონების, გულისა და სულის მოქმედება. შვილები ამჩნევენ ყველაფერს და ძალიან მძაფრად აღიქვამენ ასეთ რამეებს.
  35. ყველაზე მთავარი − სიყვარული
    აბა, მის გარეშე რა გამოვა?

წყარო: http://mirvam.org/

ჩატვირთვა...