როგორ გავიგოთ ჩვენი შვილის ქცევის მიზეზი

177

საღამოს რვა საათი შესრულდა და ოჯახში ლამის ამბოხება მოხდა. ნათქვამი მქონდა, რომ საღამოს რვა საათამდე უნდა გვემუშავა. ერთმა შვილმა მითხრა: „ჩვენ უნდა გვემუშავა საღამოს რვა საათამდე და ახლა უკვე რვა საათია.“ მეორემ განაცხადა: „ჩვენ ხომ ამაღამ მთელ ოჯახს უნდა გვეთამაშა, მაგრამ ვეღარ მოვასწრებთ, თუ სხვა საქმეს გავაკეთებთ.“

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა უფროსმა შვილმა დაჟინებით მოითხოვა სამუშაოს დასრულება. უმცროსისთვის კი, რომელიც ბალახზე იყო წამოკოტრიალებული და ზიზილებისგან ყელსაბამებს აკეთებდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას გავაკეთებდით. საბედნიეროდ, არც ერთს მუშტი არ მოუღერებია მეორისთვის და არც წაძიძგილავებულან, მაგრამ ზოგმა მაინც გადმოაგდო ორიოდე წვეთი ცრემლი.

ჩნდება კითხვა, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ასეთ განსხვავებულ ბავშვებს, რომელთაგან თითოეულს განსხვავებული თვალთახედვა აქვს?

ერთზე მეტი შვილი თუ გყავთ, გეცოდინებათ, რომ თითოეული განსხვავებულად იქცევა, განსხვავებულ რამეზე ღიზიანდება და, რა თქმა უნდა, განსხვავებული რაღაცებით ინტერესდება. რა არის ამ განსხვავებათა მამოძრავებელი ძალა?

მათი ცხოვრების მოტივაციაა მათ მოქმედებათა მამოძრავებელი ძალა.

 ყველა ადამიანს აქვს ცხოვრების მოტივაცია, ცხოვრების არსი და მისწრაფება, რომელიც იმით განისაზღვრება, რამდენად საჭირონი და მნიშვნელოვანნი ვართ გარე სამყაროსთვის, ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანთათვის.

თქვენი შვილის ცხოვრების მოტივაციისა თუ არსის განსაზღვრისათვის დაფიქრდით, რას ანიჭებს თქვენი შვილი უპირატესობას ცხოვრებაში: სკოლაში უმაღლესი ნიშნების მიღებას, ფეხბურთის მატჩის მოგებას, ხელოვნების ნიმუშების შექმნას, რომლებსაც ხალხი აღმერთებს, სხვებზე დომინირებას, სხვათა მსახურებას და მათ დახმარებას, თუ უბრალოდ კომპიუტერული თამაშების მოგებას?

კიდევ ერთი საშუალება იმისათვის, რომ გაარკვიოთ თქვენი შვილის ცხოვრებისეული მოტივაცია და არსი, გახლავთ მისი წარმოდგენა სხვადასხვა სოციალურ სიტუაციაში და იმაზე დაფიქრება, როგორ მოიქცეოდა იგი ამა თუ იმ შემთხვევაში. მაგალითად, სხვა ბავშვებსაც მოუწოდებს – ჩაერთონ თავის საქმიანობაში, რათა ხელოვნების ნიმუში შექმნან, თუ მთელი ჯგუფის უფროსობას ცდილობს და მითითებებს აძლევს ყველას? ან იქნებ გამუდმებით ხუმრობს და ყველას ყურადღებას იქცევს?

იყავით გულწრფელნი. ამა თუ იმ ცხოვრებისეულ მოტივაციას დადებითი მხარეებიც აქვს და უარყოფითიც, მაგრამ ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი საკუთარი შვილის ცხოვრების მოტივისა და არსის გარკვევა და ამ მიმართულებით მოქმედებაა.

თქვენი ბავშვის პიროვნული ჩამოყალიბება იწყება ხუთი წლის ასაკიდან. თქვენი პატარა თანდათანობით სწავლობს ცხოვრებას საკუთარი მარცხისა და შეცდომების მიხედვით. თქვენ კი ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა არის მისთვის ბიძგის მიმცემი და გამამხნევებელი და რა – არა. ხელი შეუწყვეთ მის მისწრაფებათა ჯანსაღ განვითარებას.

თქვენ თუ უგულებელყოფთ საკუთარ შვილს და ის გრძნობს ამ იგნორირებას, აუცილებლად შეეცდება, რომ რაღაც უარყოფითი ქმედებით მიიპყროს თქვენი ყურადღება, რაც ხელს შეუწყობს მის მოტივაციაში უარყოფითი ასპექტების გაძლიერებას. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი შვილი ხშირად ებუტება ანდრეას იმისათვის, რომ მან შეწყვიტოს იმ საქმის კეთება, რასაც აკეთებს და მას მიაქციოს ყურადღება.

ამას გარდა, უნდა დავფიქრდეთ და ვიმსჯელოთ, როგორი ადამიანი შეიძლება იყოს იგი ზრდასრულ ასაკში. შესაძლოა, ამ ეტაპზე რაღაცები სავსებით დასაშვებად მიგვაჩნდეს, მაგრამ ამ ყველაფერმა მასზე შეიძლება დამანგრეველი გავლენა იქონიოს მომავალში. ამრიგად, სწორედ ახლა შეიძლება მოვახდინოთ კეთილისმყოფელი გავლენა ჩვენი შვილების ცხოვრების მოტივაციის ჩამოყალიბებაზე.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს კარგი ცხოვრებისეული მოტივაცია ჩამოუყალიბდეს, ასწავლეთ, როგორ ემსახუროს სხვებს და რაც მთავარია, ჩაუნერგეთ მადლიერების გრძნობა. კარგი საქციელისთვის ხშირად შეაქეთ და დააჯილდოვეთ. ეს მათთვის დამატებითი სტიმული გახდება.

წყარო

თარგმანი: ანა ხუბაშვილი.

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

ჩატვირთვა...