დანგრევას გადარჩენილი ოჯახის ისტორია

96

ცნობილი ამერიკელი მწერალი, რიჩარდ პოლ ევანსი, გვიამბობს, თუ როგორ იხსნა უბრალო ფრაზამ მისი ოჯახი დანგრევისგან.

ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა, ჯენამ, ცოტა ხნის წინ მითხრა: „პატარა რომ ვიყავი, ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ შენ და დედა გაშორდებოდით, მაგრამ როდესაც 12 წლის გავხდი, გადავწყვიტე, რომ, შესაძლოა, ეს უკეთესიც ყოფილიყო. თქვენ ხომ ისედაც გამუდმებით ჩხუბობდით!“ მან გაიღიმა და დაამატა: „მე მიხარია, რომ თქვენ მაინც გაუგეთ ერთმანეთს.“

მრავალი წლის განმავლობაში მე და ჩემს მეუღლეს, ქერის, სასტიკი ბრძოლა გვქონდა. უკან რომ ვიხედები, მიკვირს, საერთოდ როგორ გადავწყვიტეთ დაქორწინება. ჩვენი ხასიათი ნაკლებად ესადაგებოდა ერთმანეთს და რაც უფრო მეტხანს ვცხოვრობდით ქორწინებაში, მით უფრო მეტი წინააღმდეგობა იჩენდა თავს ჩვენ შორის. სიმდიდრემ და დიდებამ ვერ გაამარტივა ჩვენი ცხოვრება. პირიქით, სირთულენი უფრო გაძლიერდა. ჩვენ შორის დაძაბულობამ იმ საფეხურს მიაღწია, რომ ჩემი წიგნის მხარდასაჭერად დაგეგმილი მომავალი ტურნე მეჩვენებოდა ხსნად, თუნდაც დროებით ხსნად. ჩვენ იმდენად ხშირად ვჩხუბობდით, რომ წარმოუდგენელი იყო უკვე ჩვენი ცხოვრება მშვიდობიანად. ჩვენ ერთმანეთს ვჭამდით და ორივე საგულდაგულოდ ვმალავდით ტკივილს, ქვის სიმაგრეთა მიღმა, რომელთაც ჩვენი გულების ირგვლივ ვაშენებდით. ჩვენ აღმოვჩნდით განქორწინების ზღვარზე და არაერთხელ განვიხილეთ ეს საკითხი.

მე ტურნეში ვიყავი, როდესაც ძაფი გაწყდა. ჩვენ ის-ის იყო ისევ საშინლად ვიჩხუბეთ ტელეფონით და ქერიმ დაკიდა ყურმილი. მე ვგრძნობდი მრისხანებას, უძლურებას და ღრმა მარტოობას. მივხვდი, რომ მივაღწიე საზღვარს და მეტის ატანა უკვე აღარ შემეძლო.

მაშინ მივმართე ღმერთს, ან თავს დავესხი. არ ვიცი, შეიძლება თუ არა უწოდო იმას ლოცვა, რასაც მე მძვინვარედ გავყვიროდი იმ წუთებში, მაგრამ ის სიტყვები ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა. მე ვიდექი შხაპის ქვეშ ქალაქ ატლანტას სასტუმროში და ვუყვიროდი ღმერთს, რომ ეს ქორწინება შეცდომა იყო და რომ ასე ცხოვრება უკვე აღარ შემეძლო. კი, განქორწინების იდეა საძულველია ჩემთვის, მაგრამ თანაცხოვრებით გამოწვეულმა ტკივილმა გამაწამა. მრისხანების გარდა დაბნეულობასაც ვგრძნობდი. ვერ ვიგებდი, რატომ გვიჭირდა ერთად ყოფნა ასე ძალიან მე და ქერის. სულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ჩემი ცოლი კარგი ადამიანი იყო. მეც კარგი ადამიანი ვარ. მაშ, რატომ არ გამოგვდის ურთიერთობათა დალაგება? რატომ ვიქორწინე იმ ქალზე, რომლის ხასიათიც არ შეესაბამება ჩემსას? რატომ არ სურს მას შეცვლა?

ბოლოს და ბოლოს, ხმაჩახლეჩილი და განადგურებული, დავჯექი იატაკზე პირდაპირ სააბაზანოში და ავქვითინდი. სასოწარკვეთის სიბნელიდან სინათლემ გამოანათა. შენ არ შეგიძლია შეცვალო ის, რიკ. შენ მხოლოდ შენი თავის შეცვლა ძალგიძს და მე დავიწყე ლოცვა იმის შესახებ, რომ თუ მე არ შემიძლია მისი შეცვლა, უფალო, მაშინ მე შემცვალე. ვლოცულობდი შუაღამისას. ვლოცულობდი მომდევნო დღესაც, სახლში დაბრუნების დროს. ვლოცულობდი სახლის ზღურბლზე, სადაც გულცივი ცოლი მელოდა, რომელიც, სავარაუდოდ, ერთი შემოხედვის ღირსადაც არ ჩამთვლიდა. იმ ღამეს, როდესაც ჩვენ ასე ახლოს ვიწექით ერთმანეთთან ჩვენს სარეცელზე და თან ასე შორს ერთმანეთისგან, მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა.

მომდევნო დილით, ჯერ კიდევ საწოლში, მივუბრუნდი ქერის და ვკითხე: „როგორ ვაქციო შენი დღე უკეთესად?“

ქერიმ სიბრაზით შემომხედა: „რა“?

„არანაირად, – მომიჭრა მან. – რატომ მეკითხები?“

„იმიტომ, რომ სერიოზულად მაინტერესებს, – ვუპასუხე მე. – უბრალოდ მინდა ვიცოდე, როგორ გავხადო შენი დღე უკეთესი.“

მან ცინიკურად შემომხედა. „შენ გინდა რაიმეს გაკეთება? შესანიშნავია. მაშინ დაწმინდე სამზარეულო“. ჩანს, ჩემი ცოლი ფიქრობდა, რომ მძვინვარებისგან ვიფეთქებდი. მე თავი დავუქნიე: „კარგი“.

ავდექი და დავალაგე სამზარეულო.

მომდევნო დღეს ზუსტად იგივე ვკითხე: „როგორ გავხადო შენი დღე უკეთესი?“

„მიალაგე ავტოფარეხი“.

მე ღრმად ჩავისუნთქე. იმ დღეს ყელამდე მქონდა საქმეები და ვხვდებოდი, რომ ჩემმა ცოლმა ეს განგებ მითხრა, რომ გავებრაზებინე. ძალიან მინდოდა სიბრაზის ამოხეთქვა საპასუხოდ, მაგრამ, ამის ნაცვლად, ვთქვი: „კარგი“. ავდექი და შემდეგი 2 საათის განმავლობაში ვრეცხავდი და ვალაგებდი ავტოფარეხს. ქერიმ აღარ იცოდა, რა ეფიქრა. დადგა მომდევნო დილა.

„რა გავაკეთო, რომ გავხადო შენი დღე უკეთესი?“

„არაფერი! – თქვა მან. – შენ არაფერი შეგიძლია გააკეთო. გთხოვ, შეწყვიტე ეს ყველაფერი“. მე ვუპასუხე, რომ არ შემეძლო, რადგან მივეცი ჩემს თავს სიტყვა. „როგორ გავხადო შენი დღე უკეთესი?“ – „რატომ აკეთებ ამას?“ – „იმიტომ, რომ ძვირფასი ხარ ჩემთვის. და ჩვენი ქორწინებაც ჩემთვის ძვირფასია“.

მომდევნო დილით იგივე ვკითხე. იმავეს ვეკითხებოდი მომდევნო რამდენიმე დღეც. შემდეგ, მომდევნო კვირაში მოხდა სასწაული. ჩემი შეკითხვისას ქერის თვალები აივსო ცრემლებით, მან ტირილი დაიწყო და, როცა დაწყნარდა, მითხრა: „გთხოვ, შეწყვიტე ამ კითხვის დასმა ჩემთვის. პრობლემა შენში კი არა, ჩემშია. ვიცი, ჩემთან რთულია. ვერ ვხვდები, რატომ რჩები დღემდე ჩემთან“.

მე ნაზად მოვკიდე მას ხელი ნიკაპზე, რომ პირდაპირ თვალებში ჩამეხედა. „იმიტომ, რომ მიყვარხარ. – ვუთხარი მე. – როგორ გავხადო შენი დღე უკეთესი? მე უნდა გეკითხებოდე ამას.” „კი, უნდა მეკითხებოდე, ოღონდ ახლა არა. ახლა მე მინდა შევიცვალო. შენ უნდა იცოდე, რამდენს ნიშნავ ჩემთვის.“ ცოლმა თავი მკერდზე დამადო. „მაპატიე, რომ ასე საშინლად ვიქცეოდი.“ „მიყვარხარ.“ – ვუთხარი მე. „მეც მიყვარხარ, – მიპასუხა მანაც. – როგორ გავხადო შენი დღე უკეთესი?“ ქერიმ ალერსიანად შემომხედა: „იქნებ რამდენიმე ხანი ერთად გავატაროთ? მხოლოდ მე და შენ“. მე გავუღიმე: „ეს მეც ძალიან მინდა.“ მე თვეზე მეტხანს ვაგრძელებდი დილაობით იმ შეკითხვის დასმას. ჩვენი ურთიერთობები შეიცვალა. შეწყდა დაუსრულებელი ჩხუბი. შემდეგ ჩემმა ცოლმა დაიწყო შეკითხვა: „რა გსურს, რომ გავაკეთო? როგორ გავხდე შენთვის უკეთესი ცოლი?“

ჩვენ შორის არსებული კედელი ჩამოინგრა. ჩვენ დავიწყეთ ღიად საუბარი, ჩაფიქრებულად ვსაუბრობდით იმაზე, რა გვინდოდა ცხოვრებისგან და როგორ გაგვეხადა ერთმანეთი უფრო ბედნიერი. არა, ჩვენ ერთბაშად არ გადაგვიწყვეტია ყველა პრობლემა. იმის თქმაც არ შემიძლია, რომ არასოდეს გვიჩხუბია მას შემდეგ, მაგრამ ჩვენი წაჩხუბების ხასიათი შეიცვალა. ჩხუბი უფრო და უფრო იშვიათი ხდებოდა, თითქოსდა, მას აკლდა ის ბოროტი ენერგია, რაც ადრე გვქონდა. ჩვენ წავართვით ჩხუბს ჟანგბადი. უკვე არც ერთ ჩვენგანს არ სურდა მეორისთვის გულისტკენა.

აი, უკვე 30 წელია, რაც მე და ქერი დაქორწინებულნი ვართ. მე არა მარტო მიყვარს ჩემი ცოლი, მე ის მომწონს. მომწონს მასთან ყოფნა. მე ის მჭირდება, მე ის მინდა. ბევრი განსხვავება ჩვენ შორის გახდა ჩვენი საერთო ძლიერი მხარე, ხოლო დანარჩენი, როგორც დრომ გვიჩვენა, არ ღირდა ჩვენს ნერვიულობად. ჩვენ ვისწავლეთ უკეთ ზრუნვა ერთმანეთზე და რაც მთავარია, ჩვენ გაგვიჩნდა ამის მოთხოვნილება. ქორწინება ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ძალისხმევას აგრეთვე მოითხოვს მშობლის როლის შესრულება, მწერლობა, საკუთარ სხეულზე მუშაობა, რათა შეინარჩუნო კარგი ფიზიკური ფორმა და ყველაფერი დანარჩენი, რაც მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენთვის. ცხოვრების გზაზე საყვარელ ადამიანთან ერთად სვლა საოცარი საჩუქარია. აგრეთვე, გავაცნობიერე, რომ ოჯახი გვეხმარება ჭრილობებისგან განკურნებაში, რომლებსაც ჩვენი პიროვნების ყველაზე უსიამოვნო მხარეები გვაყენებს. ყველა ჩვენგანს გვაქვს არასასიამოვნო მხარეები, რომლებიც თავადაც არ გვიყვარს ჩვენში.

დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ჩვენი ისტორია იყო მხოლოდ ქორწინებაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გაკვეთილის ილუსტრაცია. კითხვა: „როგორ გავხადო შენი დღე უკეთესი?“ საჭიროა დასვას ნებისმიერმა, ვისაც საყვარელი ადამიანი ჰყავს. სწორედ ეს არის ნამდვილი სიყვარული. სასიყვარულო რომანები (მე თავადაც მაქვს დაწერილი რამდენიმე რომანი), როგორც წესი, მიდის ერთ წერტილამდე: „ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად“, მაგრამ დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება არ ჩნდება იმ სურვილისგან, რომ ფლობდე და ეკუთვნოდე საყვარელ ადამიანს. რეალურ ცხოვრებაში სიყვარული იმაში კი არაა, რომ გრძნობდე ვინმესადმი სურვილს, არამედ იმაში, რომ გულწრფელად და ღრმად გსურდეს მისთვის ბედნიერების მინიჭება, ხანდახან საკუთარი ბედნიერების ხარჯზეც კი. ნამდვილი სიყვარული არაა იმაში, რომ ვინმე შენს ასლად აქციო, არამედ იმაშია, რომ გავაფართოოთ ჩვენი საკუთარი შესაძლებლობანი და გამოვხატოთ მოთმინება და ზრუნვა საყვარელი ადამიანის კეთილდღეობისთვის. დანარჩენი ყველაფერი ეგოიზმის სულელური სპექტაკლია.

მე იმის თქმა მსურს, რომ ჩემი და ქერის გამოცდილება ნებისმიერი წყვილისთვის გამოდგება. იმაშიც ვარ სრულებით დარწმუნებული, რომ ყველა წყვილს, რომელიც განქორწინების ზღვარზეა, მართებს ქორწინების გადარჩენა. მე უსასრულოდ მადლიერი ვარ იმ შთაგონებისთვის, რომელიც მოვიდა ჩემს ცხოვრებაში, იმ დღეს, მარტივი შეკითხვის სახით. მე მადლობელი ვარ, რომ ისევ მყავს ოჯახი და ჩემი ცოლი (ჩემი საუკეთესო მეგობარი) იღვიძებს ყოველ დილით საწოლში ჩემ გვერდით. ბედნიერი ვარ, რომ ახლაც კი, ათეული წლის გასვლის შემდეგ, დროდადრო, ერთ-ერთი ჩვენგანი უბრუნდება მეორეს და ეკითხება: „როგორ გავხადო შენი დღე უკეთესი?“ ამისათვის ღირს ყოველ დილით გაღვიძება.

ჩატვირთვა...