წერილი, რომელმაც არაერთი ოჯახი გადაარჩინა განქორწინებას

741

ბოლომდე მყარად ვიდექი, მაგრამ დადგა დღე, როდესაც ჩემი ძალა დაიშრიტა. როგორც კი ქმარი სამსახურში წავიდა, ნივთები ჩავალაგე, ჩვენი 14 თვის შვილი ხელში ავიყვანე და სახლიდან წავედი. ის წელი ერთადერთი იყო, როდესაც მე და ჩემი მშობლები ერთად ვცხოვრობდით, ერთ ქალაქში. მშობლებთან გაქცევამ უფრო მეტად გააიოლა ჩემი გადაწყვეტილება, მიმეტოვებინა ბილი.

ატირებული და განერვიულებული დედასთან ერთად სამზარეულოში გავედი. მას ბავშვი ეჭირა, მე კი აქვითინებული ჩემს საქციელს ვამართლებდი. დედამ ყავა დამისხა და მითხრა, რომ ის და მამა დამეხმარებოდნენ. მე კი ამ დროს შვებით ამოვისუნთქე. იმის გაგება, რომ ისინი ჩემს მხარეს იყვნენ, დიდი ნუგეში იყო.

– მაგრამ იქამდე, სანამ ბილს დატოვებ, რაღაც უნდა გააკეთო. – მითხრა დედამ.

მან ჩემი მძინარე შვილი დააწვინა, ფურცელი და კალამი აიღო და ვერტიკალური ხაზი გაუსვა ქაღალდის ცენტრში. მითხრა, მარცხენა სვეტში დამეწერა ყველაფერი, რაც ბილმა გააკეთა და რის გამოც მასთან ცხოვრება შეუძლებელი იყო. გამყოფ ხაზს რომ შევხედე, ვივარაუდე, დედა მთხოვდა, რომ მარჯვნივ დამეწერა ბილის ყველა კარგი თვისება. რადგანაც დარწმუნებული ვიყავი, რომ უარყოფითი თვისებების ჩამონაწერი უფრო გრძელი აღმოჩნდებოდა, ამიტომ დავიწყე მარცხენა სვეტის შევსება. მელანი და ქაღალდი არ დამინანია. ერთი სული მქონდა, ფურცელზე აღმებეჭდა ჩემი აუტანელი მეუღლის საშინელი პორტრეტი.

მარცხენა სვეტი ასე გამოიყურებოდა:

– არასოდეს ალაგებს თავის არეულს.

– არ ლაპარაკობს (ჩუმია).

– ყოველ მის გეგმას ბოლოს ვიგებ.

– საეკლესიო მსახურებისას იძინებს.

– აცემინებს სუფრასთან.

– არასოდეს ყიდულობს ჩემთვის კარგ საჩუქარს.

– უსუფთაოდ და ცუდად იცვამს.

– ძუნწია.

– ზარმაცია (სახლის საქმეებში არ მეხმარება).

ჩანაწერმა მთელი გვერდი აავსო. მე საჭიროზე მეტი მტკიცებულება მქონდა იმისთვის, რომ არც ერთ ქალს არ შეუძლია იცხოვროს ასეთ საშინელ ურჩხულთან.

კმაყოფილების ღიმილით ვუთხარი დედას:

– და ახლა ვფიქრობ, მთხოვ, რომ მარჯვნივ ბილის კარგი თვისებები ჩამოვწერო.

– არა, – მითხრა მან. მე ისინი ისედაც ვიცი. ყოველი აბზაცის მოპირდაპირედ დაწერე შენი საპასუხო რეაქცია. ის, თუ როგორ იქცევი შენ.

ეს დავალება ბილის კარგი თვისებების აღწერაზე უფრო რთული აღმოჩნდა. მე თავისუფლად შემეძლო აღმეწერა მისი რამდენიმე კარგი თვისება, მაგრამ ჩემს თავზე არასოდეს მიფიქრია. ვიცოდი, რომ დედა თავს არ გამანებებდა იქამდე, სანამ არ შევასრულებდი მის ნათქვამს.

წერა დავიწყე:

– ვნაწყენდებოდი, ვყვიროდი, ვბრაზდებოდი, ვიბუტებოდი.

– მას არ ველაპარაკებოდი (ჩემს თავში ვიკეტებოდი და დუმილით ვსჯიდი)

– თავს „წამებულად“ ვაჩვენებდი, გრძნობებით ვთამაშობდი და სიბრალულს ვიწვევდი ჩემ მიმართ.

– მის გვერდით ყოფნის მრცხვენოდა.

– ვფიქრობდი, რომ ზედმეტად კარგი ვიყავი მისთვის. (ბილი ჩემს ღირსად არ მიმაჩნდა).

– მინდოდა, ვინმე სხვაზე ვყოფილიყავი გათხოვილი.

ჩამონაწერი უსასრულო მეჩვენებოდა. როდესაც მთელი სვეტი ჩამოვწერე, დედამ აიღო ფურცელი და მაკრატლით გაჭრა ჩემი ნიმუში. მარცხენა სვეტი დაკუჭა და ნაგავში ჩააგდო. მარჯვენა კი მე მომცა.

– ბეკი, ეს ნაწერი სახლში წაიღე. დღეს შენს საქციელზე იფიქრე და ილოცე. ბავშვი ჩვენთან დარჩეს. თუ ჩემს თხოვნას შეასრულებ და ძველებურად გენდომება ბილის დატოვება, მაშინ მე და მამა გავაკეთებთ ყველაფერს შენ დასახმარებლად. – მითხრა მან.

შიშველი სიმართლე

ბავშვი და ნივთები დავტოვე და სახლში დავბრუნდი. ვიჯექი სკამზე ჩემს ფურცლის ნაგლეჯთან ერთად. ძნელი დასაჯერებელი იყო, მაგრამ ბილის თვისებების სიის გარეშე, ჩემი საქციელი საშინლად გამოიყურებოდა. მეჭირა სია, წვრილმანი საქციელების, სასირცხვილო მეთოდების და დამანგრეველი რეაქციების.

მომდევნო რამდენიმე საათი ღმერთს პატიებას ვთხოვდი. ვთხოვდი ძალას, ხელმძღვანელობას და სიბრძნეს იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც უნდა განმეხორციელებინა. ლოცვას ვაგრძელებდი და მივხვდი, როგორი სასაცილო ვიყავი. ბილის შეცოდებების გახსენებაც კი ძნელი გახდა. იქ არ იყო არაფერი უზნეო ან საშინელი. ჩემი გული იმდენად გაქვავდა და დაბრმავდა, რომ მე შევწყვიტე იმის შემჩნევა, თუ როგორი კურთხეული ვიყავი კარგი მეუღლით და არა სრულყოფილით, როგორსაც მოვითხოვდი, რომ ყოფილიყო.

გამახსენდა, ხუთი წლის წინ როგორი ფიცი შევფიცე ბილს. მე მას დავპირდი, რომ მეყვარებოდა ყოველთვის, ავადმყოფობის თუ კარგად ყოფნის დროს. შევფიცე, რომ ვიქნებოდი მასთან მწუხარებასა თუ სიხარულში. მე ამ ყველაფერს ღმერთის, ჩემი ოჯახისა და მეგობრების თანსაწრებით დავპირდი. მაგრამ მიუხედავად ჩემი ფიცისა, დილით მზად ვიყავი, რომ წვრილმანების გამო მიმეტოვებინა იგი.

უკან, მშობლებთან წავედი. პირველი ვიზიტისგან განსხვავებით, თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდი. ახლა ჩემი გული მშვიდობით და მადლიერებით იყო აღვსილი. შვილის წაყვანის დროს ლამის ცუდად გავხდი იმაზე ფიქრით, რომ მისი ცხოვრება ტრაგიკულად შემეძლო შემეცვალა. მე მას კინაღამ მამასთან შესანიშნავი დროის გატარების საშუალება წავართვი. დედას მადლობა გადავუხადე და სწრაფად გავედი. მინდოდა, რომ სახლში ბილის დაბრუნებამდე მიმესწრო. მისი დაბრუნებისთვის უკვე ნივთები ამოწყობილი მქონდა და ველოდებოდი.

ახალი შეხედულება

მინდა იმის თქმა, რომ ბილი შეიცვალა, მაგრამ ეს ასე არ არის. ის კვლავ აგრძელებდა იმის გაკეთებას, რის გამოც მრცხვენოდა და რაც მაღიზიანებდა, რაც მაიძულებდა, ავფეთქებულიყავი და მწყობრიდან გამოვსულიყავი. თუმცა ცვლილებები მოხდა ჩემში. იმ მომენტიდან პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჩემი ქმედებებისთვის ვიგრძენი, არამედ იმაზეც, თუ როგორ ვრეაგირებდი ბილის საქციელსა და ურთიერთობაზე.

ერთ–ერთ პუნქტში ჩავწერე:

ბილს სძინავს ეკლესიაში. როგორც კი იძინებდა, მე აღარ შემეძლო თაყვანი მეცა ღმერთისთვის და მიმეღო მისი სიტყვა. ასე ხშირად მივიჩნევდი ჩემს ქმარს არასულიერად, რომლისთვისაც არ იყო საინტერესო ქადაგება (მქადაგებელი კი მამაჩემი იყო), ეკლესიაში სრულიად ვივიწყებდი იმას, რომ ბილს საერთოდ არ შეეძლო დიდხანს ეფხიზლა მჯდომარეს. მე ყურადღებას მსახურების მიმართ მის უპატივცემულო საქციელზე ვამახვილებდი. ის თვლემდა, მე კი ვღიზიანდებოდი. სკამზე ვიჯექი და თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად ვგრძნობდი. მიკვირდა, როგორ შემეძლო ცოლად გავყოლოდი კაცს, რომელიც მთელ ეკლესიაში მარცხვენდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მას არ დაუმსახურებია ისეთი კეთილშობილი ცოლი, როგორიც მე ვიყავი.

თუმცა ლოცვის შემდეგ, განხილვისას, თვალებიდან ქერცლი ჩამომძვრა და შევძელი ჩემი თავი დამენახა ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვიყავი. მე მრცხვენოდა იმის, რომ სიამაყე და ამპარტავნობა წამლავდა ჩემს სულს ყველაზე ძვირფას დროს – ღმერთის თაყვანისცემისას და განდიდებისას. სინამდვილეში პრობლემა იყო ჩემში და არა მეუღლეში.

ამის გაცნობიერების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მოვიდა ცვლილებები. ახლა, როდესაც ბილი ეკლესიაში თვლემს, მე ვაშორებ მას ჩემს მზერას და ღმერთზე ვახდენ კონცენტრაციას. ჩემს თავს მთლიანად ვუძღვნი ღმერთს ლოცვასა და მადლიერებაში. არ მაინტერესებს, რა ხდება ირგვლივ. მე ვიცოდი, რომ მხოლოდ ჩემს გულზე ვიყავი პასუხისმგებელი და ყურადღებას მივმართავდი იმისკენ, რომ მივახლოებოდი მადლის ტახტს. საოცარია, რომ მას შემდეგ, რაც ფოკუსირებას ღმერთზე ვახდენდი და არა ბილის ნაკლოვან მხარეებზე, ჩემს სულში ცვლილებები მოხდა. მრისხანება, გაღიზიანება და უკმაყოფილება სიხარულმა, მშვიდობამ და სიყვარულმა შეცვალა.

ცოტა ხანში ბილმა ჩემში მომხდარი ცვლილებები შეამჩნია… საუზმისას ერთხელ თქვა: „შევამჩნიე, რომ შენ უფრო ბედნიერი გახდი ღვთის მსახურებაზე. ეს კარგია, თორემ უკვე ლამის ფიქრი დავიწყე, რომ მქადაგებელი არ მოგწონდა.“ ინსტინქტურად მომინდა მომეყოლა მისთვის, რამდენი მსახურება გამიფუჭა მისმა საქციელმა, მაგრამ მისი სიტყვები კომენტარების გარეშე მივიღე.

გადაწერილი სია

ბოლო წლების განმავლობაში ხშირად გადამიწერია ჩემი სია. ღმერთს ვთხოვდი, რომ ეპატიებინა ჩემში არსებული სიამაყე, ეგოიზმი და მოეცა ჩემთვის სიბრძნე.

თხუთმეტი წლის შემდეგ, 49 წლის ასაკში, ბილის დიაგნოზი დაუსვეს: ალცჰაიმერის ავადმყოფობა. ის იძულებული გახდა, სამსახურისათვის დაენებებინა თავი. მთელი სახლი და ფინანსური პასუხისმგებლობა ჩემს კისერზე აღმოჩნდა. მრავალი დღე და ღამე გახდა ჩვენთვის შფოთის მომტანი.

მე და ბავშვები ვუყურებდით, როგორ იბრძოდა ბილი სიცოცხლისათვის. მისი ოპტიმიზმი და ამტანობა ჩვენ უფრო მეტად გვამხნევებდა. მთელი ძალით ვეჭიდებოდით ჩვენს რწმენას.

მისი სიცოცხლე ღმერთის ხელში იყო. ჩვენთვის კი ეს ნუგეშისცემა იყო, რადგან ვაცნობიერებდით უძლურებას და უსუსურობას. კითხვებზე პასუხებს ბიბლიაში ვეძებდით. გვაინტერესებდა, რატომ იყო სავსე ტკივილით, მწუხარებით და ნაღველით ჩვენი გულები. მიუხედავად ამისა, არ ვწყვეტდით ღმერთის მშვიდობის ძიებას, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება.

ვწუხვარ, რომ ხშირად გამოვდიოდი მწყობრიდან, ბილის ქცევებიდან გამომდინარე. იმ დროს მოთმინება არ მყოფნიდა, თუმცა ვიცოდი, რომ ბილი არაფერს არ აკეთებდა იმისათვის, რომ ჩემთვის ცხოვრება გაერთულებინა. რაღაც დროის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ჩემზე იყო პასუხისმგებლობა, მის ასეთ ქცევებზე ღმერთის სიყვარულით მეპასუხა. უფალს ვთხოვდი, რომ მეც მყვარებოდა ისე, როგორც თავად ღმერთს.

დედაჩემის გამო მრავალჯერ გადავუხადე ღმერთს მადლობა, ის ჩემი სულიერი წინამძღოლი იყო. ალბათ, ბევრჯერ სდომებია ჩემი გაკიცხვა ან თავისი აზრის გამოხატვა ჩემს საქციელზე. თუმცა ამის მაგივრად ის დამეხმარა ჭეშმარიტების აღმოჩენაში, ჭეშმარიტებისა, რომელმაც ყველაზე ძვირფასი გადაარჩინა ჩემთვის, ჩემი ქორწინება.

ერთ დღეს სახლში დაბრუნებულმა ჩემმა შვილმა შეკითხვა დამისვა: „დედა, რას გავაკეთებთ, თუ ერთხელაც მამა ვეღარ გაგვიხსენებს?“ 

მე ვუპასუხე: „ჩვენ ის მაინც გვემახსოვრება. გვემახსოვრება, როგორც  ქმარი და მამა. ჩვენ გვემახსოვრება ყოველივე ის, რაც გვასწავლა და ის, თუ როგორ ძლიერ ვუყვარდით.“

მას შემდეგ, რაც შვილი ოთახიდან გავიდა, მე გამეღიმა. გავიხსენე ის ყველაფერი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა ჩვენთვის, რომელსაც უყვარდა თავისი ოჯახი და ღმერთი. ამ მოგონებათაგან მრავალი დაკავშირებულია ზუსტად იმ გამაღიზიანებელ თვისებებთან, რომლებიც მრავალი წლის წინ ბილის უარყოფით თვისებებში შევიტანე.

ავტორი: ბეკი ზერბე.

თარგმნა: თამთა კარგარეთელმა.

ჩატვირთვა...