ნავიგაცია
ახალი ამბები
მარტო არა ხარ!

მარტო არა ხარ!

„და, აჰა, ატყდა დიდი ღელვა ზღვაზე, ისეთი, რომ ნავი ტალღებით იფარებოდა. მას კი ეძინა. მივიდნენ მასთან, გააღვიძეს და უთხრეს: ‘უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით.’ უთხრა მათ იესომ : ‘რამ შეგაშინათ, მცირედმორწმუნენო?’ – მერე წამოდგა, შერისხა ქარებს და ზღვას, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება.” (მათ. 8:24)

იესოს მოწოდებაზე „გამომყევი!“ თითოეულმა დატოვა ყველაფერი, რაც გააჩნდა  და მას გაჰყვა, დადიოდნენ მასთან ერთად და ქადაგებდნენ უფლის სასუფევლს, იმედი მიჰქონდათ სასოწარკვეთილებთან, კურნება – უძლურებთან და მხნეობა – დაჩაგრულებთან…

და აი, კაპერნაუმში  დამღლელი დღის ბოლოს ნავში ჩასხდნენ და იესოს მითითებისამებრ გაღმა ნაპირისკენ აიღეს გეზი. მოულოდნელად ზღვაზე ქარიშხალი ამოვარდა, ტალღები ეხეთქებოდნენ ნავს და წყლით ივსებოდა იგი, ქარიშხლის ღრიალში ერთმანეთის ხმა ძლივს ესმოდათ. ბნელოდა, რაც კიდევ უფრო ართულებდა ნავის მართვას, იესოს კი მშვიდად ეძინა. მოწაფეები მივიდნენ მასთან, გააღვიძეს და უთხრეს: „უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით.“ ისინი ბრაზობდნენ, დრტვინავდნენ და შიშობდნენ, თითქოს მათ დაავიწყდათ, რომ იესოც მათთან ერთად იჯდა ნავში…

რამდენჯერ ყოფილა თითოეული ჩვენგანი ცხოვრების ქარიშხალში, ცრემლების წვიმასა და ტკივილების ცეცხლში, როდესაც გვგონია, რომ მარტონი ვართ. რამდენ ჩვენგანს დავიწყებია, რომ იესოც აქ არის, ჩვენს გულში, რომ ერთ „ნავში“ ვსხედვართ და ერთად ვებრძვით ქვეყნიერების მორევს. რამდენჯერ გვითქვამს იმედგაცრუებული ტონით: „სადა ხარ ღმერთო?“ რამდენჯერ დაგვვიწყებია რწმენა, როდესაც თვალებში ჩაგვიხედავს სირთულეთათვის, რამდენჯერ მოგვჩვენებია განსაცდელთა მთა ყოვლისშემძლე უფალზე დიდი… რამდენჯერ…

მაშინ, როდესაც ისევ მოხვდები ცხოვრების შტორმში და აუცილებლად მოხვდები, რადგან მრავალი ჭირით გვმართებს ღვთის სასუფეველში შესვლა(საქმე. 14:22), გახსოვდეს რომ მარტო არა ხარ! იესო შენთანაა და შენს თავზე თმებიც დათვლილია, არაფერი შეგემთხვევა იმაზე მეტი, ვიდრე გადატანას შეძლებ და გასაჭირში უფალი მოგცემს ძალას, რომ გაუძლო. გადამწყვეტ წამს, როცა დაინახავ, რომ იძირები, საკუთარი ურწმუნოებით ნუ გააძლიერებ ქარიშხალს, ილაპარაკე რწმენის სიტყვები, გულდაჯერებული იმედით იდექი და ნუ დაეყრდნობი ხილულს, რადგან იესო შენთანაა, ერთ „ნავში“… მარტო არა ხარ!

ნატალია ჩიქოვანი