ნავიგაცია
ახალი ამბები
ჭეშმარიტი თავისუფლება – წერილები ღმერთს

ჭეშმარიტი თავისუფლება – წერილები ღმერთს

არ ვიცი როგორია უდროობა, რომელშიც მკვიდრობ, მაგრამ აქ, დედამიწაზე დრო სწრაფად გადის და დღითიდღე ყველაფერი სულ უფრო რთულდება.

ქვეყნიერებაზე  ბოროტებაა გაბატონებული და ამ ბატონს დამორჩილებულნი, თავისუფალ ადამიანებად იწოდებიან. ყველა თავისუფალია ვინც ცოდვას დაემონა, ვინც საკუთარ ვნებებსა და გულისთქმებს დაემორჩილა.

თავისუფლები არიან ქალები, რომლებიც საკუთარ სხეულს აშიშვლებენ ყველას თვალწინ, თავისუფალნი არიან მოღალატე ქმრები, ნარკოტიკით  გაბრუებული ახალგაზრდები, ღვთის მაგინებელი განათლებული ადამიანები, მშობლების შეურაცხმყოფელი ბავშვები…

მაგრამ ჩვენ, შენი შვილები უარს ვამბობთ ასეთ თავისუფლებაზე.

ჩვენ არ ვცნობთ დროის ასეთ სვლას, რადგან ჩვენი  დრო  შენთან  შეხვედრისას გაჩერდა…

შენს ჯვართან  განეშორნენ წამები წუთებს  და დღემდე არაფერი იცვლება.

ისევ აქ დგანან მოტირალი ქალები, ისევ ისმის ქარის დაუნდობელი კივილი და ჯარისკაცთა სიცილი, ისევ აქ ვართ, გოლგოთის მთაზე…

ჩვენ – ცოდვილნი და  შენ – წმინდა მსხვერპლი, ჩვენს გამოსასყიდად.

ჩვენ – სიკვდილის ღირსნი, შენ კი  ჩვენთვის ჯვარცმული, სიცოცხლის საბოძებლად.

ჩვენ – ღვთისგან განდგომილნი, ხოლო  შენ –  გამოწვდილი ხელით, შესარიგებლად.

ჩვენ –  ცოდვის მონები,  შენ კი ჭეშმარიტება, თავისუფლების მოსანიჭებლად.

არსად გვსურს წასვლა, არ გვსურს არაფრის ცოდნა, არ გვსურს წუთისოფლის ნაჩუქარი თავისუფლება.

რაც არ უნდა ხდებოდეს სამყაროში, საითაც არ უნდა მიიჩქაროდეს დრო, რასაც არ უნდა ესწრაფვოდნენ ადამიანები, ჩვენ  გვსურს დავრჩეთ შენს ჯვართან – ბნელი სამყაროს  ყველაზე ნათელ წერტილთან, დროზე აღმატებულ ღმერთთნ, შენთან  – ჩვენს ჭეშმარიტ თავისუფლებასთან …

 

p.s. სიყვარულით, თავისუფლების ტყვე