ნავიგაცია
ახალი ამბები
ხელი უფლისა, ჩემთვის ნალურსმევი – წერილები ღმერთს

ხელი უფლისა, ჩემთვის ნალურსმევი – წერილები ღმერთს

„გამომიწოდა სიმღლიდან ხელი და ამომიყვანა; მრავალი წყლებისგან გამომიხსნა“ (ფსალმუნი 17:17)

ვიძირებოდი…

წყალმა დაფარა ჩემი სხეული.

ვეღარაფერს ხედავდნენ თვალები.

რა ძლიერად ვცდილობდი წყლიდან ამოსვლას და როგორ მივისწრაფოდი ფსკერისკენ…

ვიძირებოდი და თანდათან ბუნდოვანი ხდებოდა ყველა მოგონება.

ძლიერად მსურდა ერთი წამით მაინც, სრულად გამეხსენებინა, როგორი იყო შენთან ყოფნა. რას ვგრძნობდი მაშინ, როცა მორჩილად მოგყვებოდი, როცა მთელ სხეულში ვგრძნობდი შენთან ყოფნის სიხარულს, როცა თამამად მოვრბოდი შენ წინაშე და არაფერი მიმძიმებდა სულს.

ვცდილობდი გამეხსენებინა შენთან გატარებული დრო და წამით მაინც, კვლავ მეგრძნო შენი სიყვარული, შენთან ყოფნის სითბო, შენი მზრუნველობა, ისევ განმეცადა მამასთან ყოფნის სიმშვიდე.

ვიძირებოდი…

უძლური აღმოვჩნდი იმ ძალასთან, რომელიც ასე ბეჯითად ცდილობდა ჩემ ჩამოშორებას შენგან. ძალასთან, რომელიც ერთდროულად ჩემშიც იყო და ჩემ გარეთაც…

ამაო იყო ყველა მცდელობა, მოგონებები ჯერ გაფერმკრთალდნენ, შემდეგ კი გაქრნენ.

სწორედ მაშინ, როცა ასე მოიწევდა დასასრული, როცა ასე ახლოს იყო ფსკერი, კვლავ გამომიწოდე ხელი, ისევ ისე, როგორც მრავალჯერ.

და ეს ხელი ყველაზე მკაფიო მოგონება იყო …

ხელი მხსნელისა, რომელიც არ ცდილობს ძალით მოიმოქმედოს რაიმე, რომელიც სულ ახლოს მოდის ჩემთან, რომელიც მზადაა, თანხმობის შემთხვევაში, ჩამეჭიდოს და გამომიხსნას.

მე ვიცანი ხელი უფლისა, ვიცანი ჩემთვის ნალურსმევი, სიყვარულით გამოწვდილი ხელი მამისა.

ხელი, რომელმაც ძლიერად გააპო წყალი, რომელმაც გაწყვიტა ყველა ბორკილი და წარმოუდგენელი ძალით მიმიზიდა.

მე ვიცანი შენი ხელი.

რომლის წყალობითაც ახლა ტალღებზე ვდგავარ…

P.S. სიყვარულით, თავისუფლების ტყვე